Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი გახდა პუტინის მიერ უკრაინის 4 რეგიონის ანექსირებულად გამოცხადების ზუსტი დრო


რუსეთის პრეზიდენტი პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი

პრეზიდენტი პუტინი ხვალ, 30 სექტემბერს მოაწერს ხელს ე.წ. შეთანხმებებს რუსეთის შემადგენლობაში დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს შესვლის შესახებ.

პუტინის პრესმდივნის, პესკოვის ინფორმაციით, ცერემონია კრემლში გაიმართება მოსკოვის დროით 15:00 საათზე. პესკოვს უკრაინის ოლქების კონკრეტული სახელები არ ჩამოუთვლია და ისინი მოიხსენია „ოთხივე ტერიტორიად, რომლებმაც ჩაატარეს რეფერენდუმები და რუსულ მხარეს შესაბამისი თხოვნით მიმართეს". პესკოვმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ამ ღონისძიებაზე იქნება პრეზიდენტ პუტინის მოცულობითი გამოსვლა“, თუმცა, ის არ უნდა აურიონ ფედერალური კრებისადმი პრეზიდენტის მიმართვაში, რომელიც მოგვიანებით შედგება.

უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების და ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების დე ფაქტო, პრორუსულმა ადმინისტრაციებმა 23-27 სექტემბერს ჩაატარეს ე.წ. რეფერენდუმები რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად. მათ მიერ გამოცხადებული "შედეგებით" ზაპოროჟიეში ამ ოლქის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა 93.11%-მა, ლუგანსკში - 98.42%-მა, დონეცკში - 99.23%-მა და ხერსონში - 87.05%-მა. საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ფსევდორეფერენდუმებს არ აღიარებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოსადმი მიმართვისას განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების საფუძველზე განახორციელებს ოკუპირებული რეგიონების ანექსიას, მსოფლიოს პუტინთან სალაპარაკო აღარაფერი უნდა ჰქონდეს.

უკრაინის ოლქებში, დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნულმა დე ფაქტო ადმინისტრაციებმა ე.წ. რეფერენდუმების 23-27 სექტემბერს ჩატარების გადაწყვეტილება ერთ დღეს, 20 სექტემბერს გამოაცხადეს. ამას წინ უძღოდა უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევა ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ რაიონებზე და რუსი სამხედროებისგან მათი გათავისუფლება. კიევში განაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები არის ასიმეტრიული პასუხი უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე და ფიქცია, რომელიც არაფერს შეცვლის.

დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონები, რომლებსაც 2014 წლიდან პრეტენზია "დამოუკიდებლობაზე" ჰქონდათ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ გამოაცხადა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს. 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთმა კონტროლი დაამყარა უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების დიდ ნაწილზეც. რუსეთს 2014 წლიდან ანექსირებული აქვს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულიც.

XS
SM
MD
LG