Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკვეთრად გაიზარდა ფინეთში თავშესაფრის მაძიებელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი


რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებიდან ორ კვირაში ფინეთს თავშესაფარი სთხოვა რუსეთის 308 მოქალაქემ, მაშინ, როცა ბოლო წლებში, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მთელი წლის განმავლობაში 200-დან 500-მდე იყო. ფინეთის მიგრაციის სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის დასაწყისიდან თავშესაფარი ითხოვა რუსეთის 724-მა მოქალაქემ.

პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინასთან საომრად „ნაწილობრივი მობილიზაცია“ 21 სექტემბერს გამოაცხადა. ამის გამო რუსეთი დატოვა ათეულობით ათასმა მოქალაქემ. რუსეთთან მოსაზღვრე ფინეთის, საქართველოს, ყაზახეთის და მონღოლეთის სახმელეთო გამშვებ პუნქტებთან რუსეთის მოქალაქეთა ავტომობილების მრავალკილომეტრიანი რიგები დადგა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 17-29 სექტემბერს ქვეყანაში ჩამოვიდა რუსეთის 100 000-მდე მოქალაქე და გავიდა 77 000-ზე მეტი.

ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან 3 ოქტომბერს მიიღო, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭების თხოვნით, რუსეთის მოქალაქეებისგან წარდგენილია 3283 განცხადება, საიდანაც 2009 დაკმაყოფილდა, 708-ს უარი ეთქვა, ხოლო 89 განიხილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG