Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუქმდა მობილიზაციისთვის თავის არიდების გამო აღძრული პირველი სისხლის სამართლის საქმე


საილუსტრაციო ფოტო: მობილიზაცია რუსეთში
საილუსტრაციო ფოტო: მობილიზაცია რუსეთში

რუსეთის პემზის ოლქის პროკურატურამ გააუქმა მობილიზაციისთვის თავის არიდების გამო აღძრული პირველი სისხლის სამართლის საქმე (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლი). ამის შესახებ უფლებადამცველმა პაველ ჩიკოვმა განაცხადა.

ამ მუხლით ბრალდებულ 32 წლის კაცს რეაბილიტაციის უფლება მისცეს, 48 საათის განმავლობაში წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნისთვის ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნის ჩათვლით.

ამის მიუხედავად, საგამოძიებო კომიტეტი პროკურატურის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და საქმის ხელმეორედ აღძვრასაც მოითხოვს, განაცხადა უფლებადამცველმა.

ჩიკოვის თანახმად, 32 წლის ბრალდებულმა სამხედრო კომისარიატში უწყების ხელმოწერაზე უარი განაცხადა, რის გამოც დააკავეს „ომონის ძალის დახმარებით“. ის ორი დღის განმავლობაში დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობისა და სახელმწიფო აღმშენებლობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კსილაშმა კი განმარტა, რომ სამხედრო კომისარიატებს არ აქვთ უფლება მობილიზებაზე უარისთვის მოქალაქეები რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით პასუხისმგებლობის შესახებ გააფრთხილონ.

როგორც ანდრეი კსილაშმა განმარტა ტელეგრამის არხით, რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლი მხოლოდ ვადიანი სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების შემთხვევაში გამოიყენება, მობილიზაციისგან თავის არიდება ამ მუხლის მიხედვით დასჯად ქმედებებს არ განეკუთვნება.

მისი თქმით, კანონმდებლობაში რაიმე ცვლილების შეტანის აუცილებლობის საკითხზე კი, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო სათათბირომ უნდა იმსჯელოს.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია, რომელიც თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

სერგეი შოიგუს განცხადებით, ამჟამად სასწავლო ცენტრებსა და სამხედრო პოლიგონებზე 200 000 ადამიანია მობილიზებული. გამოცემა „7x7“-ის თანახმად, 20 რეგიონის ხელმძღვანელმა მობილიზაციის გეგმის ორ კვირაში განხორციელების შესახებ მოხსენება გააკეთა.

რუსეთის სხვადასხვა რეგიონში სამობილიზაციო პროცესის ფარგლებში სულ მცირე ათი გარდაცვლილის შესახებ გახდა ცნობილი, სამმა მათგანმა თავი მოიკლა.

.

XS
SM
MD
LG