Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავში 26 წლის ქალი გირაოთი გათავისუფლებულმა კაცმა მოკლა - შსს


საილუსტრაციო ფოტო: პოლიციის განყოფილება
საილუსტრაციო ფოტო: პოლიციის განყოფილება

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, კაცი, რომელმაც 9 ოქტომბერს თელავში 26 წლის ქალი მოკლა, გირაოს საფუძველზე იყო გათავისუფლებული. მკვლელობაში ბრალდებულმა საპყრობილე ოქტომბრის დასაწყისში, 2000 ლარის გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა.

გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრების თქმით, სავარაუდო მკვლელი და მოკლული მეგობრები იყვნენ. გარდაცვლილის ახლობლები ჟურნალისტებს უყვებიან, რომ 26 წლის ქალი შემთხვევის დროს 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდა მამაკაცი, რომელიც ქალს 4 თვის განმავლობაში ემუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, 1996 წელს დაბადებულ მ.გ-ს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109 მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ მკვლელობის ჩადენას დამამძიმებელ გარემოებაში. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG