დღეს, 17 ოქტომბერს, მოსკოვის დროით 14:00 საათზე, რუსეთის დედაქალაქში დაიხურება მობილიზაციისთვის გახსნილი პუნქტები. ამის შესახებ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა. მან გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მოსკოვის სამხედრო კომისრის ინფორმაციით, „ნაწილობრივი მობილიზაციის ამოცანები სრული მოცულობით შესრულდა“.
სობიანინის თანახმად, „უწყებები, რომლებიც მობილიზაციის პროცესში გაიგზავნა საცხოვრებელ ადგილებსა და საწარმოებში, თავის მოქმედებას წყვეტენ“. მერი არ აკონკრეტებს, რამდენი მოსკოველი წაიყვანეს უკრაინაში საომრად.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, „ნაწილობრივი მობილიზაცია“ 2022 წლის 21 სექტემბრიდან დაიწყო. 14 ოქტომბერს, პუტინმა განაცხადა, რომ ეს პროცესი ორ კვირაში დასრულდება, რადგან წინასწარ დაგეგმილი 300 ათასიდან უკვე მობილიზებულია 222 ათასი ადამიანი და მათგან 33 ათასი უკვე იმყოფება შესაბამის ქვედანაყოფებში.
დაწერეთ კომენტარი