Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო და ევროკავშირი მოსკოვს მოუწოდებენ, აღადგინოს მონაწილეობა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში


ევროკავშირმა 30 ოქტომბერს მოუწოდა რუსეთს, აღადგინოს მონაწილეობა ე.წ." მარცვლეულის გარიგებაში ", რომელიც უკრაინის შავი ზღვის პორტების გავლით უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტს ითვალისწინებს. კრემლის განცხადებით, რუსეთი შეთანხმებას წყვეტდა სევასტოპოლში რუსულ სამხედრო გემებზე შაბათს დრონებით განხორციელებული თავდასხმის გამო.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჯოზეპ ბორელმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება საფრთხეში აგდებს მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტის მთავარ გზას, რომელიც გლობალური სასურსათო კრიზისის საპასუხოდ აუცილებელი იყო. „კრიზისისა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია“, - წერს ბორელი.

განცხადება გაავრცელა გაერომაც - „მარცვლეულის გარიგება“ სწორედ გაეროს შუამავლობით შედგა. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის პრეს-სპიკერმა თქვა, რომ „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას”. გაეროს პრეს-სპიკერმა დასძინა, რომ ეს შეთანხმება აუცილებელ ჰუმანიტარულ ძალისხმევას წარმოადგენს, რომელიც მილიონობით ადამიანს უზრდის საკვებზე ხელმისაწვდომობას.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ამ გადაწყვეტილებას სრულიად აღმაშფოთებელი უწოდა და განაცხადა, რომ ამ საქციელს გამართლება არ აქვს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კი თქვა, რომ მოსკოვი საკვებს იარაღად იყენებს და ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს. „რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს მარცვლეულის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ექსპორტს, არსებითად არის განცხადება, რომ ადამიანებმა და ოჯახებმა მთელ მსოფლიოში უფრო მეტი უნდა გადაიხადონ საკვებისთვის ან იშიმშილონ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

XS
SM
MD
LG