ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი "მთავრი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ თავისუფალი მედიაგარემოს უზრუნველყოფა ევროკომისიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
"ევროკავშირი ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან.
ამ კუთხით, შეგახსენებთ, რომ "უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს" ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს", - წერია განცხადებაში.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს თორმეტი პრიორიტეტის შესრულებაში, რათა ქვეყანამ გაამართლოს თავისი მოქალაქეების იმედები ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით.
"ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან მიმართებაში, დამოუკიდებლობაზე, გამჭვირვალობაზე და სასამართლო პროცედურების ხარისხზე ყურადღების გამახვილებით, რაც აუცილებელია კანონის უზენაესობის დასაცავად", - აღნიშნავს ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი.
2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამოცხადებული განაჩენი ზურაბ იაშვილისა და კახაბერ დამენიას შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლომ იაშვილი უდანაშაულოდ ცნო, დამენიას კი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (გულგრილობა) გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი მხოლოდ "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას შემთხვევაში დააკმაყოფილა ნაწილობრივ. სააპელაციომაც, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით (მითვისება ან გაფლანგვა) წაყენებული ბრალი გადააკვალიფიცირა ამავე კოდექსის 220 (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლის ორი ეპიზოდით გათვალისწინებულ დანაშაულად იმ განსხვავებით, რომ ორივე შემთხვევაში 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა გამოიყენა - საქალაქო სასამართლომ 50 ათასლაირიანი ჯარიმა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.