მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები "სასამართლო კლანის" ერთ-ერთ წევრად მოიაზრებენ, ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი და მოსამართლე ლევან მურუსიძის დაბრუნება, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ხელს არ უშლის. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა.
"არაფორმალური გავლენის ჯგუფი სასამართლოში არ არსებობს... მე და ჩემი მეგობრები, რომლებიც იქ ვართ წარმოდგენილი, 9 მოსამართლეა საბჭოში, თუ ვინმე ამ ჯგუფს აღიქვამს გავლენის ჯგუფად... არასერიოზული მგონია ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე ორი მოსამართლე წევრის არჩევა 15-წევრიან საბჭოში, თუნდაც ეს იყოს ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი, რეალურ პრობლემას უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას..." - თქვა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
23 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულმა მოსამართლეთა 31-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი მეორე ვადით აირჩია.
დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოსამართლეებმა გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.