Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლაფ შოლცმა რუსეთს მოსთხოვა, გამორიცხოს უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვული იარაღის გამოყენება


ოლაფ შოლცი
ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთს მოსთხოვა, გამორიცხოს უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვული იარაღის გამოყენება. კანცლერის თქმით, „რუსეთი იყო და რჩება დიდ სამხედრო სახელმწიფოდ“ და სწორედ ამიტომ „ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია“, ვუთხრათ მას: „დაუშვებელია ამ კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, მკაფიოდ განაცხადოს, რომ ის ამას არ გააკეთებს. ეს ის ხაზია, რომლის გადაბიჯებაც არ შეიძლება“.

შოლცი წარმატებად მიიჩნევს თავის ამასწინანდელ ვიზიტს ჩინეთში. მისი სიტყვებით, გერმანიისა და ჩინეთის ხელმძღვანელობამ მოახერხეს, შეემუშავებინათ ერთიანი პოზიცია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების მიუღებლობის თაობაზე. „მარტო ამიტომ ღირდა ამ ვიზიტის გამართვა“, - აღნიშნა კანცლერმა.

პეკინში შოლცთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა, ლი კეციანმა უკრაინაში მიმდინარე ომზე განაცხადა: „თავს ვერ მივცემთ შემდგომი ესკალაციის უფლებას“, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, სი ძინპინმა კი აღნიშნა: „თავიდან უნდა ავიცილოთ ბირთვული კრიზისი ევრაზიაში... ბირთვული იარაღის გამოყენება ან გამოყენების მუქარა უნდა უკუგდებულ იქნეს“. თუმცა ამ მოწოდებით მას პირდაპირ რუსეთისთვის არ მიუმართავს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთში შიში გამოითქმის რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების თაობაზე. უკანასკნელ პერიოდში შეშფოთება გაძლიერდა ფრონტზე რუსეთის ჯარების წარუმატებლობისა და რუსეთის ხელმძღვანელთა და სხვა ოფიციალურ პირთა გამონათქვამების ფონზე.

XS
SM
MD
LG