უკრაინის ქალაქ ნიკოლაევის მერის, ოლექსანდრ სენკევიჩის ინფორმაციით, მაშველებმა სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში იპოვეს კიდევ 4 დაღუპულის ცხედარი. მანამდე დადასტურებული იყო 2 ადამიანის სიკვდილი.
ნიკოლაევის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანზე სარაკეტო შეტევა წუხელ განხორციელდა. მთლიანად დაინგრა ხუთსართულიანი სახლის ნაწილი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ნიკოლაევში, საცხოვრებელ სახლზე რუსი სამხედროების მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას უწოდა „ტერორისტი სახელმწიფოს ცინიკური პასუხი“ ფრონტზე უკრაინის წარმატებებზე. ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტები პასუხს აგებენ უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი თითოეული დანაშაულისთვის.
ქალაქი ნიკოლაევი მდებარეობს უკრაინის სამხრეთში, სადაც თავდაცვის ძალები კონტრშეტევას აწარმოებენ რუსეთის ჯარების წინააღმდეგ.