Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სარდლობამ ბელარუსის მოქალაქეებს მიმართა, არ დაუშვან ომში თავიანთი ქვეყნის უფრო ღრმად ჩათრევა


პრეზიდენტი ვოლდიმირ ზელენსკი უკრაინელი ჯარისკაცების გარემოცვაში გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონში
პრეზიდენტი ვოლდიმირ ზელენსკი უკრაინელი ჯარისკაცების გარემოცვაში გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა ბელარუსის მოქალაქეებისადმი, რომელშიც მათ აფრთხილებს, რომ ბელარუსის ომში ჩათრევის მიზნით, რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ამზადებს პროვოკაციებს, მათ შორის, შესაძლოა - ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას.

ვიდეომიმართვაში, რომელიც რუსულ ენაზეა ჩაწერილი, უკრაინის გენშტაბი მოუწოდებს ბელარუსებს, რომ არ დაუშვან თავიანთი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად ჩათრევა რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.

უკრაინის სარდლობის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ბელარუსის ტერიტორია რუსეთის მიერ გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის, მაგრამ უკრაინა ბელარუსს და მის ხალხს არ განიხილავს მტრებად და ამიტომ არცერთხელ უპასუხია ბელარუსის ტერიტორიიდან განხორციელებული აგრესიის აქტებისთვის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ ბელარუსის მოსახლეობას ოქტომბერშიც მიმართა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთისა და ბელარუსის ჯარების ერთობლივი რეგიონული დაჯგუფების შექმნის შესახებ გახდა ცნობილი.

ამ ცნობამ გააძლიერა კიევის შიში, რომ აღნიშნულ დაჯგუფებას რუსეთი, სავარაუდოდ, გამოიყენებს ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე მორიგი თავდასხმისთვის.

ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა პირველი დღიდანვე უჭერს მხარს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში, მაგრამ ამავე დროს აცხადებს, რომ ბელარუსის შეიარაღებული ძალები არ აპირებენ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას. წინა დღით, ლუკაშენკამ თქვა, რომ უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი აზრით, " უკრაინას სრული განადგურება“ ემუქრება.

აღნიშნული განცხადების ფონია უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული მორიგი მასირებული სარაკეტო იერიშები, რომლის შედეგადაც უკრაინის მრავალი ენერგეტიკული ობიექტი მწყობრიდან გამოვიდა და ქვეყნის დიდ ნაწილს გარკვეული დროით შეუწყდა დენისა და წყლის მიწოდება.

უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ასეთი დარტყმები კიევს ვერ შეაცვლევინებს პოზიციას, რომლის თანახმად, მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მთავარი პირობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG