Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონასტერში ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან


 ცხრამუხის დედათა მონასტრის ეზო
ცხრამუხის დედათა მონასტრის ეზო

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღური თავდასხმისა და გაუპატიურების საქმეზე დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ამის შესახებ მედიას საზოგადოებრივმა ადვოკატმა გიგა ჯეირანაშვილმა უთხრა.

"ორივემ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან. რაც შეეხება სხვა დეტალებს, საუბრისგან თავი შეიკავეს. მათ შორის ჩვენების მიცემისგან, ისარგებლეს კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით... არ მაქვს თანხმობა, რომ გავამჟღავნო გარკვეული დეტალები... საქმეში დაზარალებულის ჩვენებაა", - ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, დაკავებულები არ იცნობდნენ იღუმენიას და მონაზვნებს. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ ორ დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად ხაშურის საქალაქო სასამართლო უახლოეს რამდენიმე საათში იმსჯელებს.

ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი 25 ნოემბერს შეიჭრა. ისინი იღუმენიას და მონაზვნებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 70 წლის მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ კრიმინალური შემთხვევის გამო ორი ადამიანი, წარსულში ნასამართლევი 27 და 39 წლის კაცები 26 ნოემბერს დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ. მათ თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

XS
SM
MD
LG