Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში რუსეთის არმიის ხელმძღვანელმა ქურთებთან შეხვედრა გამართა თურქეთის თავდასხმების საკითხზე


სირიისა და თურქეთის საზღვარი, საილუსტრაციო ფოტო
სირიისა და თურქეთის საზღვარი, საილუსტრაციო ფოტო

სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ქურთთა მეთაურთან თურქეთის მხრიდან მუქარის თაობაზე, რომ ის ჩრდილოეთ სირიაში კიდევ განახორციელებს სამხედრო ოპერაციას. ამ ცნობას 28 ნოემბერს ავრცელებს ქურთთა ხელმძღვანელობით მოქმედი სირიის დემოკრატიული ძალების პრესმდივანი სიამანდ ალი.

ალიმ სააგენტო "ასოშიეიტედ პრესს" დაუდასტურა, რომ გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ ჩაიკო 27 ნოემბერს ჩრდილოეთ სირიაში შეხვდა ქურთთა გენერალს, მაზლუმ აბდის.

სამი დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თქვა, რომ გასცემს ბრძანებას შეჭრაზე, რომლის სამიზნეც ქურთთა ჯგუფები იქნება, მას შემდეგ, რაც ექვსი ადამიანი ემსხვერპლა მიმდინარე თვეში სტამბოლში მომხდარ აფეთქებას.

რუსეთი გამოდიოდა დეესკალაციისკენ მოწოდებებით თურქეთ-სირიის საზღვარზე.

ბოლო კვირაში თურქეთმა საჰაერო თავდასხმები განახორციელა ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში სავარაუდო სამხედრო სამიზნეებზე, პასუხად სტამბოლში მომხდარ აფეთქებაზე, რომელშიც ანკარა ქურთთა ჯგუფებს ადანაშაულებს. ქურთები უარყოფენ კავშირს აფეთქებასთან და აცხადებენ, რომ თურქეთის თავდასხმებს ეწირებიან სამოქალაქო პირები და ძირი ეთხრება ბრძოლას ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG