Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილმა გადაწყვიტა, მისი დიაგნოზი არ გასაჯაროვდეს


ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავისი დიაგნოზის გასაჯაროების წინააღმდეგია. როგორც ადვოკატი ამბობს, მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველები გეგმავენ, სასამართლოს მიმართონ მისი გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით.

„მიხეილ სააკაშვილს გავაცანი დიაგნოზები და მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გასაჯაროვდეს. შევიტანთ სასამართლოში ისე, რომ არ გასაჯაროვდეს. ეს დიაგნოზები ჯდება იმ ჩამონათვალში, ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას. ჩვენ სასამართლოს, ვნახოთ, გათავისუფლებას მოვთხოვთ თუ გადავადებას. შევიკრიბებით იურისტები და გადავწყვეტთ. მისი მდგომარეობა არის სისტემატურად მძიმე მდგომარეობა. არაფერი სასიკეთო მასთან აღარ ხდება", - თქვა ხაჭაპურიძემ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 29 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სააკაშვილი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშაა. მისი განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს კვლევა აქვს დანიშნული.

მინისტრმა ისაუბრა იმ მიზეზზეც, რის გამო არ გადაიყვანეს 28 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი "ვივამედის" კლინიკიდან სასამართლო პროცესზე.

"მსგავსი პრაქტიკა, რომ მსჯავრდებული გადიოდეს სამკურნალო დაწესებულებიდან სასამართლოში, არ არის. როდესაც ადამიანი იმყოფება საავადმყოფოში, ის იმყოფება იმიტომ, რომ უნდა იმკურნალოს და შესაბამისად, სასამართლოში გასვლა არ არის რეკომენდებული. სასამართლოში გასვლა მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, როდესაც პირი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში", - თქვა მინისტრმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები და ექსპერტები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი განუსაზღვრელი დროით გადაიდო. მსგავსი გადაწყვეტილება სასამართლომ ამ საქმეზე პირველად მიიღო, მანამდე განხილვა თითო კვირით იდებოდა ხოლმე.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG