Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სამიტის მეორე დღე ეძღვნება ვითარებას რუსეთის მეზობელ ქვეყნებში და ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში


ბუქარესტში გრძელდება ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი სამიტი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ოთხშაბათს, სამიტის მეორე დღეს, კვლავ გამოუხატავენ მხარდაჭერას რუსეთის მეზობელ ქვეყნებს, რომლების დესტაბილიზაციაც შეიძლება მოახდინოს მოსკოვმა ენერგომომარაგებისთვის საფრთხის შექმნითა და ფასების გაზრდით.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა სამიტის პირველ დღეს, ალიანსი მოლაპარაკებებს გამართავს მოლდოვასთან, საქართველოსთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, რომლებიც „რუსეთის მხრიდან ზეწოლის საფრთხის წინაშე“ არიან.

ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ ევროპის სამხრეთსა და აღმოსავლეთში მდებარე ქვეყნებმა, რომლებიც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვიან, შესაძლოა დაკარგონ მოთმინება და რუსეთისა და ჩინეთის გავლენის სფეროში მოექცნენ. მაგალითად ასახელებენ ბალკანეთის ქვეყნებს.

„დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობა ძალზე მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის. უნდა შევაჩეროთ რუსეთი ამ რეგიონში, ჩვენ მეტი ევროპა გვჭირდება“, - განაცხადა ოთხშაბათს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონია ტაიანიმ.

ბოსნია-ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბისერა ტურკოვიჩმა, რომელიც სამიტზეა მიწვეული, თუმცა მისი ქვეყანა არ არის ნატოს წევრი, განაცხადა, რომ შეშფოთებულია ბოსნიის მიმართ რუსეთის გეგმებით.

„ჩვენთან არიან - და იყვნენ მთავრობაში - რუსეთის ინტერესების ლობისტები. ქვეყანაში ძალზე დიდი დაპირისპირებაა“, - თქვა მან.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ რუსეთს მცირედი შესაძლებლობაც კი არ უნდა დარჩეს მეზობელი ქვეყნებისთვის უსაფრთხოების პირობების წაყენებისთვის და იმის კარნახისთვის, თუ როგორ იცხოვრონ მათ.

სამიტის მონაწილეები განიხილავენ რუსეთის ენერგორესურსებზე უარის თქმის მექანიზმებს ისე, რომ ამავე დროს არ გახდნენ ჩინეთზე დამოკიდებულები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG