Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რომ არა აივ-დიაგნოზი, ვერასდროს ვიქნებოდი ასეთი ძლიერი" - ცხოვრება აივ/შიდსთან ერთად


თამუნა გახოკიძე არც სახელის შეცვლას მთხოვს, არც ხმის. არც ფოტოს გამოქვეყნებაზე მეუბნება უარს. რამდენიმე წელია გადაწყვიტა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს. რომ აივ-ინფექციის დიაგნოზი სირცხვილი არ არის და მასაც, ისევე, როგორც ყველა სხვა ადამიანს, სრულფასოვანი ცხოვრების უფლება აქვს.

თამუნა საქართველოში მცხოვრები აივ-ინფიცირებულებიდან ერთ-ერთი ის უიშვიათესი გამონაკლისია, რომელიც საკუთარ დიაგნოზსა და ცხოვრებაზე ღიად და ხმამაღლა ლაპარაკობს და ამას კონკრეტული მიზეზი და მიზანი აქვს - „სტიგმა, რომელსაც მხოლოდ მაშინ დაანგრევენ აივ-ინფიცირებულები, როდესაც გამოჩნდებიან“, - მეუბნება თამუნა.

მისი დიაგნოზის ისტორია ზუსტად 14 წელს ითვლის. კარგად ახსოვს თარიღი, როცა შეატყობინეს, რომ მას აივ-ინფექცია დაუდასტურდა. თამუნა ქალთა პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული იყო, როცა 2008 წლის 2 დეკემბერს აივ-ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს.

თამუნა გახოკიძე
თამუნა გახოკიძე

„ციხეში პერიოდულად შემოდიოდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და მსჯავრდებულებს ცე ჰეპატიტსა და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე ტესტებს გვიტარებდნენ. მანამდეც რამდენიმე ტესტი მქონდა გაკეთებული და ყველა უარყოფითი იყო, თუმცა, იმ დღეს, 2 დეკემბერს, მითხრეს, რომ აივ-დადებითი ვიყავი. ახლაც ვერ გადმოვცემ, რა შეგრძნება მქონდა. ამას ალბათ უფრო შოკურ მდგომარეობას დავარქმევდი. ხო, ეს არ იყო შიში, ეს შოკი იყო. ვერაფრით მივხვდი, სად, როდის და როგორ დავინფიცირდი. ერთადერთი ეჭვი, რაც გამიჩნდა იყო ის, რომ სავარაუდოდ, ჩემი ინფიცირება რომელიმე სამედიცინო მანიპულაციის დროს მოხდა, რადგან ინფიცირების სხვა გზა გამორიცხული იყო“.

თამუნას მაშინ ოთხი წელი დასჭირდა, რომ აივ-ინფექციის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულიყო:

„იმ პერიოდში, პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები სხვანაირად იყო განსაზღვრული. მაშინ მითხრეს, რომ ჩემი იმუნიტეტი არ შეესაბამებოდა მკურნალობის პროგრამით გაწერილ მოთხოვნებს და ოთხი წელი ველოდე მკურნალობის დაწყებას. დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. როგორც კი ადამიანს მარტივი ტესტის საფუძველზე უდასტურდება აივ-ინფექცია, მას უკვე უტარდება განმეორებითი კვლევა, ე.წ. კონფირმაცია, დგინდება როგორია ორგანიზმის ვირუსული დატვირთვა და იმუნიტეტის მაჩვენებელი და ინფიცირებული მაშინვე ერთვება სახელმწიფო პროგრამაში“.

თამუნას ოთხი შვილი ჰყავს. მათ შორის სამი შვილი მას შემდეგ გააჩინა, რაც შეიტყო, რომ ის აივ-ინფექციის მატარებელი იყო:

თამუნა გახოკიძე ორსულად მეოთხე შვილზე
თამუნა გახოკიძე ორსულად მეოთხე შვილზე

„ერთხელ ერთმა ადამიანმა მკითხა, აივ-ინფიცირებულებს სექსი აქვთ? ვუპასუხე, აბა, ჩემი შვილები ციდან ჩამოცვივდნენ-მეთქი? სამწუხაროდ, საზოგადოების დიდ ნაწილს დღემდე ჰგონია, რომ თუკი აივ-ინფიცირებული შვილს გააჩენს, ბავშვიც ინფიცირებული უნდა იყოს. ან თუკი აივ-ინფიცირებული ბავშვის გაჩენას მოინდომებს, ის აუცილებლად ხელოვნური გზით უნდა იყოლიოს. არა, ეს ასე არ არის. აივ-ინფიცირებულს, რომელიც მკურნალობის სრულფასოვად კურსს გადის და თუკი ორგანიზმში ვირუსის მაჩვენებელი განულებულია, ჩვეულებრივად შეიძლება ჰქონდეს დაუცველი სქესობრივი კავშირი და გააჩინოს ჯანმრთელი შვილი. ყველა აივ-ინფიცირებულ ქალს შეუძლია აიხდინოს ოცნება, იყოს დედა და გააჩინოს რამდენი შვილიც უნდა, იმდენი. მე ყოველთვის მინდოდა, რომ მყოლოდა ოთხი შვილი და მყავს ოთხი შვილი“.

თამუნამ საკუთარი დიაგნოზის შესახებ საჯაროდ პირველად 2017 წელს ილაპარაკა. მან თქვა, რომ ის აივ-ინფიცირებულია, ის არსად იმალება და ცხოვრობს სრულფასოვანი ცხოვრებით. იმ დღიდან მოყოლებული, თამუნა აქტივისტად იქცა. იმ დღიდან მოყოლებული გადაწყვიტა, რომ საკუთარი გამოცდილება სხვებისთვის უნდა გაეზიარებინა და თუკი თვითონ მარტოს მოუწია შიშთან გამკლავება, ეს შიში სხვებისთვის შეემსუბუქებინა:

„ჩემი პირველი ინტერვიუს შემდეგ, სრულიად უცხო ადამიანები მწერდნენ სოციალურ ქსელში. მიზიარებდნენ თავიანთ განცდებს, რომ რცხვენოდათ, ეშინოდათ, პარტნიორს ვერ უმხელდნენ დიაგნოზს, რადგან ფიქრობდნენ, რომ მათ დაკარგავდნენ. ერთი ადამიანი მეორეს რომ უზიარებს საკუთარ ტკივილზე გამოცდილებას, ეს ყველაზე დიდი თერაპიაა. ისინი რომ მშვიდდებიან, მეც ბედნიერი ვარ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ გავმხდარიყავი აქტივისტი, რომელიც სხვა აივ-ინფიცირებულებს ეხმარება“.

თამუნა წლებია იბრძვის იმისთვის, რომ მისი და კიდევ ერთი ან ორი აქტივისტის გარდა, სხვებმაც გაბედონ საკუთარ დიაგნოზზე ხმამაღლა ლაპარაკი და ასე დაამარცხონ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ღრმად გამჯდარი სტერეოტიპები და სტიგმები აივ-ინფიცირებულების გარშემო:

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სტიგმა და დისკრიმინაცია, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ თითით საჩვენებლები და გასაჭორები. სულ ამას ვამბობ, მარტო ერთი თამუნა და მარტო ერთი გოჩა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სტიგმები დავამსხვრიოთ. კიდევ უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ილაპარაკებენ. როცა სახეს გიბლარავენ, როცა ხმას გიცვლიან, შენი სათქმელი საზოგადოებამდე ვერ მიდის“.

14 წლის თავზე, თამუნა ამბობს, რომ მისი დიაგნოზი რომ არა, ის ვერასდროს იქნებოდა ისეთი ძლიერი, როგორიც ახლაა:

„ამ დიაგნოზის დასმის შემდეგ, ადამიანები ვარდებიან სრულ ფრუსტრაციაში, ჰგონიათ, რომ ძალიან მალე მოკვდებიან, რომ აზრი აღარ აქვს მათ ცხოვრებას. არა, პირიქით, საკუთარი სიცოცხლე ამ დიაგნოზთან ერთად უნდა შეიყვარონ. მე ეს მოვახერხე. მე დღეს ჩემი ბაქტერიაც კი მიყვარს. ის რომ არ ყოფილიყო, მე დღეს არ ვიქნებოდი ისეთი ძლიერი როგორიც ვარ. ვიქნებოდი ვინმე თამუნა გახოკიძე, მაგრამ ისეთი ხომ არ ვიქნებოდი, როგორიც ახლა ვარ? ბევრი გვყავს საქართველოში ისეთი, ვინც ღიად, საკუთარი სახელითა და სახით ელაპარაკება საზოგადოებას? კი, მე ვთვლი, რომ ამაშიცაა ჩემი სიძლიერე. მინდა, რომ აივ-ინფიცირებული ადამიანებისთვის ვიყო ურყევი კედელი, რომელიც მათ ძალიან სჭირდებათ“.

მსოფლიო და საქართველო აივ/შიდსის სტატისტიკურ რუკაზე

34 წელია, რაც პირველ დეკემბერს მსოფლიო შიდსის დღეს აღნიშნავს. გაეროს შიდსის პროგრამის ყოველწლიური გლობალური ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს მსოფლიოში აივ ინფექციით მცხოვრები პირების რაოდენობამ 38 მილიონზე მეტი შეადგინა. მათგან 1,7 მილიონი 0-14 წლის ასაკის ბავშვია.

2021 წელს მსოფლიოში აივ-ინფექციის 1,5 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შიდსთან ასოცირებული სიკვდილის შემთხვევებმა კი 2021 წელს 650 000 შეადგინა.

აივ-პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აივ-ინფექციით სულ 84 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა და 40 მილიონზე მეტი გარდაიცვალა.

დღეს საქართველო მიეკუთვნება აივ/შიდსის კონცენტრირებული გავრცელების ქვეყნებს სტაბილური ეპიდემიოლოგიური სურათით.

2022 წლის პირველი დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9714 ინფიცირებული, მათგან 7257 კაცია, 2457 ქალი. საქართველოში აივ-ინფექცია/შიდსით 2059 პაციენტია გარდაცვლილი. 2022 წელს ინფექციის 552 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსის გადაცემის გზების პროცენტული მაჩვენებელი კი საქართველოში ასეა გადანაწილებული.

  • ინფიცირების ყველაზე მაღალი 51% ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა.
  • 33,5% ნარკოტიკული საშუალებების ინექციური მომხმარებელია.
  • 12,8% ლგბტქ თემის წევრია.
  • 1,2% დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით, ანუ ინფიცირებული დედისგან მუცლად ყოფნისას ან ლაქტაციის დროს.

როგორ იცხოვრო ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსთან ერთად?

დღეს არსებული მკურნალობის მეთოდებით, თუკი ვირუსი ადრეულ ეტაპზე გამოვლინდება და თუკი პაციენტი მკურნალობის კურსს დროულად დაიწყებს, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა იქნება იმდენივე, რაც არა აივინფიცირებული ადამიანის.

თუკი მკურნალობის ფონზე, ინფიცირებულის ორგანიზმში ვირუსის მაჩვენებელი ნულდება, ანუ არაგანსაზღვრად ვირუსულ დატვირთვას აღწევს, მაშინ ვირუსის სხვისთვის გადაცემა შეუძლებელია და მას შეუძლია ჰქონდეს აქტიური სქესობრივი ცხოვრება, მათ შორის, გააჩინოს შვილებიც.

აივ-დიაგნოზის დასმის შემდეგ, როგორც წესი, ყოველდღიურ ყოფაში რაიმე ტიპის შეზღუდვები და ლიმიტები არ წესდება. პროცესში ერთვება მედიკამენტი, რომელიც ყოველდღიურად, ერთსა და იმავე დროს მიიღება და რამდენიმე თვეში ერთხელ ტარდება სავალდებულო ანალიზი ვირუსული დატვირთვის განსასაზღვრად.

ორგანიზმში ვირუსის განულება არ ნიშნავს, რომ პაციენტი მეტ-ნაკლებად ან სრულად განიკურნა აივ-ინფექციისგან. როგორც კი ინფიცირებული წყვეტს მედიკამენტის მიღებას, მის ორგანიზმში ვირუსული დატვირთვა კვლავ იზრდება.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში, პაციენტების 91%-ს, რომლებიც მკურნალობის კურსს გადიან, ვირუსი ორგანიზმში განულებული აქვთ:

თენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე

„მიუხედავად იმისა, რომ აივ-ინფექცია/შიდსი განუკურნებელი დაავადებაა, ის კარგად მართვადი ქრონიკული ინფექციაა. და თუკი პაციენტი დროულად მოგვმართავს და იმყოფება მკურნალობაზე, მის სისხლში ვირუსი ნულდება, პაციენტი ცოცხლობს იმდენ ხანს, რამდენსაც არაინფიცირებული ადამიანი, მისი ცხოვრების ხარისხი არ განსხვავდება ჯანმრთელი ადამიანის ცხოვრების ხარისხისგან, სწავლობენ, მუშაობენ, ქმნიან ოჯახებს, აჩენენ ჯანმრთელ შვილებს. მკურნალობა იძლევა გარანტიას, რომ აივ-ინფიცირებული წყვილი აჩენს ჯანმრთელ შვილს. რაც მთავარია, მკურნალობაზე მყოფი ინფიცირებული არ წარმოადგენს საფრთხეს არავისთვის, ის არ არის გადამდები. ეჭვი არ გვეპარება, რომ 2025 წლისთვის საქართველო სრულად დაამარცხებს ცე ჰეპატიტს და მასთან ერთად მინიმუმამდე დაიყვანს აივ/შიდსის ახალ შემთხვევებს. აქ სამუშაო მეტი გვაქვს, მაგრამ მაინც გვაქვს იმედი, რომ 2025 წლისთვის ამას მოვახერხებთ“.

იქიდან გამომდინარე, რომ აივ/შიდსით ინფიცირებული პაციენტები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ერთ-ერთი მთავარი დისკომფორტი, რომელსაც ისინი აწყდებიან, ეს არის შიდსის ცენტრების ხელმისაწვდომობა, რადგან დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ ოთხი ცენტრი ფუნქციონირებს, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში. შესაბამისად, სამკურნალოდ აუცილებელი მედიკამენტებისა და ანალიზების ჩასატარებლად მათ საცხოვრებელი სახლებისგან საკმაოდ შორს უწევთ გადაადგილება.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ განიხილებოდა აივ/შიდსის სამკურნალო დაწესებულებების დეცენტრალიზაციის საკითხი, თუმცა, როგორც თენგიზ ცერცვაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, კოვიდ-პანდემიამ პროცესი დროებით შეაფერხა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში უნდა განახლდეს მსჯელობა ახალი ცენტრების დამატების შესახებ:

„გაიხსნება სამი ახალი ცენტრი, გორში, ახალციხესა და კახეთში. ეს ის რეგიონებია, სადაც არ არის ცენტრები და ინფიცირებულები ამ რეგიონებიდან იძულებულები არიან, რომ იარონ სხვა რეგიონებში. ამის შემდეგ, გეგმიურად, საქართველოს ყველა რეგიონი, მომავალში კი ყველა ქალაქი და რაიონი უნდა იყოს მზად, რომ მიიღონ აივ-ინფიცირებულები, რათა მათ აღარ დასჭირდეთ სიარული ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG