Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საძირკველი გავჭერით"- რას მოელის ბარტ ნიკოლო ევროსასამართლოში ტრანსგენდერი კაცების საქმის მოგების შემდეგ?


ნიკოლო (ბარტი) ღვინიაშვილი
ნიკოლო (ბარტი) ღვინიაშვილი

სამმა ტრანსგენდერმა კაცმა საქართველოდან, სტრასბურგის სასამართლოში მოიგო საქმე, რომელიც მათი გენდერის სამართლებრივ აღიარებას ანუ მათ პასპორტში სქესის ჩანაწერის შეცვლას შეეხებოდა. ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დაავალა გენდერის სამართლებრივად აღიარების წინაპირობების კანონით განსაზღვრა. ეს არ ნიშნავს, რომ მომჩივნების პირადობის დოკუმენტებში მათი სქესის ჩანაწერი დღესვე შეიცვლება, მაგრამ, როგორც მათი ინტერესების დამცველები ამბობენ, ეს ბრძოლის მხოლოდ დასაწყისია.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც 1-ელ დეკემბერს გამოქვეყნდა, წერია, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი - პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება. ეს მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, უზრუნველყოს სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლა.

ნიკოლო (ბარტი) ღვინიაშვილი ერთ-ერთია იმ სამ ტრანსგენდერ კაცს შორის, რომლებმაც საქართველოს წინააღმდეგ ამ ბრძოლის წამოწყება გადაწყვიტეს ევროპულ სასამართლოში. პასპორტში სქესის შეცვლისთვის ბარტ ნიკოლო დიდი ხანი იბრძოდა საქართველოში. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მას სწორედ ეს ვკითხეთ, რას ნიშნავს მისთვის ეს შედეგი.

- ჩვენ ახლა ვცდილობთ სახლის აშენებას ანუ ქვეყანაში იმ კანონის შექმნას, რომელიც არ გაგვაჩნია. ჩვენს იურისტებსაც ვეუბნებოდი, რომ სახლს ისე ვერ ააშენებ, თუ საფუძველი არ ჩაუყარე, ჩემთვის კი ეს ამბავი ამ საძირკვლის გასაჭრელად ბარის პირველი დარტყმაა. ცხადია, იმასაც გააჩნია, ამ საძირკველში რას ჩაგიყრიან. წესიერ კანონს შექმნიან თუ ისევ ისეთ რამეს მოიფიქრებენ, რაც ტრანსთემისთვის თავსატეხი გახდება და კიდევ უფრო გაწელავს დროში საპასპორტო გენდერის შეცვლას. ამიტომ მთავარი ბრძოლა ახლა იწყება და ჩვენზეა დამოკიდებული, ამ სახლის საძირკველში ბეტონს ჩადებენ თუ სილას ჩაგვიყრიან, მიაფუჩეჩენ და მხოლოდ იმიტომ შემოიღებენ კანონს, რომ ეს ევროკავშირს უნდა.

- როგორი გინდათ, რომ იყოს ახალი კანონი?

- მინდა, რომ ეს კანონი არ არღვევდეს ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებს და არ იყოს ისეთივე მკვდრადშობილი, როგორიც ანტიდისკრიმინაციული კანონის 53-ე პრიმა მუხლი იყო. ეგ კანონი დიდად არ მუშაობს და პოლიციელებსაც არ უნდათ მაგ მუხლის გამოყენება.

- რა არ უნდა ეწეროს კანონში?

- ჩემთვის ცუდი კანონი იქნება ის, რომლითაც უპირობოდ მოგთხოვენ ჩაიტარო სტერილიზაცია იმისთვის, რომ შეგიცვალონ საპასპორტო სქესი.

- სქესის შეცვლის ქირურიულ ოპერაციას გულისხმობთ?

- დიახ. მე, მაგალითად, 50 წლის ვხდები და მაგ ოპერაციას ვერ გადავიტან, ჩემი ჯანმრთელობისთვის საზიანო იქნება. გასაოცარი ამბავია ისიც, რომ ჩვენთან ეგ ოპერაცია პლასტიკურ ოპერაციად ითვლება... ამიტომ მაინც იმედი მაქვს, რომ ისეთი კანონი გვექნება, რომელიც არ გაგვირთულებს ცხოვრებას უარესად. ისე, საქართველოში არის ერთი პრეცედენტი, როცა ტრანსგენდერმა ქალმა გაიკეთა ეს ოპერაცია და მას შეუცვალეს სქესის ჩანაწერიც. თუმცა, ისევ ვამბობ, ყველას არც იდეალური ჯანმრთელობა აქვს და არც შესაბამისი ფინანსები. ეს თანხა, 20-25 ათასი, ტრანსგენდერი ადამიანების უმრავლესობას არ გააჩნია. მათი დიდი ნაწილი ოჯახიდან გარიყულია.

ნიკოლო ღვინიაშვილი
ნიკოლო ღვინიაშვილი

ნიკოლო ღვინიაშვილი გვეუბნება, რომ ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ ყველა ტრანსგენდერ ადამიანს გაუჩინა იმედი.

„ვხუმრობდი, ჩემი მისია შევასრულე, ახლა პენსიაზე გავალ-მეთქი... დამიწერეს, ისტორია იწერება ახლაო. არ ვიცი, ასეა თუ არა, მაგრამ მიხარია, თუ ამ პროცესში ერთი პატარა კენჭი მეც დავდე“, - გვითხრა მან.

რა უთხრა საქართველოს ევროპულმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით?

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საერთაშორისო სამართალწარმოების ხელმძღვანელი, თამარ ონიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ აქამდე, თუ ადამიანს სურდა თავისი გენდერის სამართლებრივი ცვლილება, მას უნდა მიემართა ჯერ იუსტიციის სამინისტროსთვის, უარის შემთხვევაში კი, სასამართლოში წასულიყო.

ამ პროცესში მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ გენდერის სამართლებრივად შეცვლის მსურველმა არ იცოდა, საამისოდ რა საკანონმდებლო წინაპირობები არსებობდა. სამოქალაქო აქტების შესახებ კანონი მხოლოდ იმას ამბობდა, რომ „პირადობის დამადასტურებელ მოწმობასა თუ პასპორტში სქესის შეცვლის წინაპირობა არის - სქესის შეცვლა“.

მაგრამ არსად იყო განმარტებული, რას ნიშნავდა ეს - სქესის ცვლილება.

სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს სწორედ კანონის ამ ნაწილის მოწესრიგება და ნათლად გაწერა დაავალა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში სამ თვეში შევა.

შემდეგ საქართველოს ექნება ექვსი თვე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისათვის (ვინც ზედამხედველობს ამ გადაწყვვეტილებების აღსრულებას) სამოქმედო გეგმის წარსადგენად.

სამოქმედო გეგმის შინაარსის მიხედვით დაგეგმავენ ტრანსგენდერი კაცების ინტერესების დამცველ შემდგომ ნაბიჯებსაც.

თამარ ონიანი განმარტავს იმასაც, რომ ეს გადაწყვეტილება ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის ჩანაწერი უახლოეს ხანებში შეიცვლება.

„მაგრამ ჩვენთვის ეს გზის დასაწყისია. აქამდე სახელმწიფო პრობლემასაც ვერ ხედავდა. ახლა კი დაიწყება პროცესი ამ საკითხის ნორმატიულ აქტებში გაწერით“, - ამბობს თამარ ონიანი.

ევროპული სასამართლოსთვის გაუგებარია, როგორია რეალურად საქართველოში სქესის/გენდერის მარკერის შეცვლის სამართლებრივი რეჟიმი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ შიდა კანონმდებლობაში არსებობს დებულება, რომლითაც ნებადართულია პირის სქესის/სქესის ნიშნის შეცვლა სამოქალაქო სტატუსის ჩანაწერებში (და ამას განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 78-ე მუხლის „ზ“ პუნქტი), კანონი დუმს იმ მოთხოვნებსა და წინაპირობებთან მიმართებით, მათ შორის, სამედიცინო სახის, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ განხორციელდეს გენდერის სამართლებრივი აღიარება.

სასამართლოსთვის პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა - „რა სამედიცინო პროცედურების ჩატარება იყო საჭირო გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის".

როგორ დაიწყო ბრძოლა

სტრასბურგის სასამართლოში ორმა ტრანსგენერმა კაცმა, ა.დ.-მ და ა.კ.-მ საჩივარი 2017 წელს გაგზავნეს, ნიკოლო ღვინიაშვილის სარჩელი კი სტრასბურგში 2019 წელს გაიგზავნა.

პირველი ორი ტრანსგენდერი კაცის ინტერესებს „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) იცავდა, მესამე ტრანსგენდერი კაცის, ნიკოლო ღვინიაშვილის უფლებებს კი - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

განმცხადებლები ითხოვდნენ, რომ მათი გენდერი სამართლებრივად ეღიარებინათ და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის გრაფაში ჩაწერილიყო კაცი. ეროვნულ სასამართლოში კი სქესის აღიარების წინაპირობად, ფაქტობრივად, ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას ითხოვდნენ.

ნიკოლო ღვინიაშვილს, როგორც ტრანსგენდერ მამაკაცს, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა რამდენჯერმე უთხრეს უარი საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ჩაწერაზე იმ მიზეზით, რომ მას არ ჰქონდა წარდგენილი ანატომიური სქესის შეცვლის დამადასტურებელი საბუთი.

მომჩივანი აცხადებდა, რომ დარღვეული იყო მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის (კონვენციის მე-8 მუხლი) და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის (კონვენციის მე-3 მუხლი) უფლება და მსგავსი მოპყრობა მას არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა სხვა ჯგუფებთან მიმართებით, კონვენციის მე-14 მუხლის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, თითოეულმა განმცხადებელმა სახელმწიფოსგან უნდა მიიღოს 2-2 ათასი ევრო, მესამე აპლიკანტს კი საქართველომ 9 812 ევრო უნდა გადაუხადოს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG