Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველოს ეყოლება ლომჯარიასავით გაბედული სახალხო დამცველი


აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი სახალხო დამცველი ხალხის უფლებებსა და ინტერესებზე ისევე გაბედულად ისაუბრებს, როგორც - ნინო ლომჯარია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა სახალხო დამცველისა და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე. მანამდე ელჩმა ომბუდსმენის 5-წლიანი საქმიანობის ანგარიში მოისმინა.

"სახალხო დამცველის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანი, ამავე დროს, გამოწვევებით სავსეა ნებისმიერ დემოკრატიაში. საქართველოს კონსტიტუცია განაპირობებს, რომ სახალხო დამცველის მთავარი მანდატი არის საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლების დაცვა. ეს ნიშნავს, რომ ზოგჯერ ამით შეიძლება კმაყოფილი არ იყოს მთავრობა, რადგან სახალხო დამცველის მთავარი მოვალეობაა ილაპარაკოს სიმართლე, როცა საქმე ეხება ადამიანის უფლებების დაცვას. ეს მოითხოვს კეთილსინდისიერებას და საქმისადმი ერთგულებას.

აშშ ძალიან ამაყობს, რომ ნინო ლომჯარიასა და მის შესანიშნავ, პროფესიონალ გუნდს მხარს უჭერს და უჭერდა ამ წლების განმავლობაში. ერთობლივი თანამშრომლობით განვითარდა სახალხო დამცველის შესაძლებლობები და უფრო ეფექტიანად რეაგირებს მოსახლეობის საჭიროებებზე, ადამიანის უფლებათა დაცვაზე. ნამდვილად დიდი პრივილეგიაა აშშ-სთვის, რომ მხარს ვუჭერდეთ ოფისს, რომელიც ასე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის.

იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე პროცესის შედეგად, შეარჩევენ ისეთ სახალხო დამცველს, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, საქმისადმი ერთგული, პროფესიონალი, რომელიც ისაუბრებს ისე გაბედულად ხალხის უფლებებსა და ინტერესებზე, როგორც ნინო ლომჯარია და მისი გუნდი აკეთებდნენ ამას", - თქვა დეგნანმა.

დამოუკიდებელი სახალხო დამცველის გამჭვირვალედ არჩევა, ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაცემული 12 რეკომენდაციიდან, ერთ-ერთია.

რეკომენდაციების თანახმად, ახალი სახალხო დამცველის სამსახური ზეგავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს.

სახალხო დამცველის ექვსი წლის ვადით ასარჩევად 90 დეპუტატის ხმაა საჭირო. წარდგენილი კანდიდატების კენჭისყრა პლენარულ სესიაზე ჯერ არ გამართულა.

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ეწურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG