Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის ასარჩევად ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის კონსულტაციები გაიმართა


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

ახალი სახალხო დამცველის ასარჩევად ოპოზიციური პარტიები და მმართველი პარტია დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტში, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის კაბინეტში შეიკრიბნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ხატია დეკანოიძე "ნაციონალური მოძრაობიდან", ანა ნაცვლიშვილი "ლელოდან", ხათუნა სამნიძე "რესპუბლიკური პარტიიდან", სანდრო რაქვიაშვილი "გირჩიდან", ალეკო ელისაშვილი "მოქალაქეებიდან", ფრიდონ ინჯია "ევროპელი სოციალისტებიდან" და ბექა ლილუაშვილი პარტიიდან "საქართველოსთვის".

"ხელისუფლებამ იცის ოპოზიციის შეთავაზება, ჩვენ ვიცით, ხელისუფლება რისთვის არის მზად. სახელსა და გვარებზე არ ვსაუბრობთ. საზოგადოებამ კარგად იცის სახელი და გვარები, რომელზეც ვერ შევთანხმდებით, გამოირიცხა. ახლა ყველა საკუთარ გუნდებთან ვაპირებთ საუბარს და შემდეგ რაუნდზე უფრო მეტი კონკრეტიკით წარვდგებით", - უთხრა ჟურნალისტებს ხათუნა სამნიძემ.

ხატია დეკანოიძემ კი აღნიშნა, რომ შეხვედრაზე კონკრეტულ კანდიდატებზე არ უსაუბრიათ:

"ზოგადად, მე ვფიქრობ, ეს პროცესი და ბრძოლა, რომ საქართველოს ჰყავდეს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი, არის მნიშვნელოვანი. რეალურად, ჩემი ფუნქციაც ეს არის, რომ ვიბრძოლო [ევროკავშირის რეკომენდაციების] 12 პუნქტისთვის."

ანა ნაცვლიშვილიც ფიქრობს, რომ კომპეტენტური სახალხო დამცველის არჩევა მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

"არცერთ პარტიას არ აქვს საჭირო მანდატების რაოდენობა, რომ აირჩიოს სახალხო დამცველი, რაც არის ძალიან კარგი. პოლიტიკური შეთანხმება ამ პროცესს სჭირდება. ჩვენი განწყობაა, რომ საქართველოს სჭირდება არა მხოლოდ სახალხო დამცველი, არამედ პრინციპული, კომპეტენტური სახალხო დამცველი", - უთხრა მან ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სახალხო დამცველის ექვსი წლის ვადით ასარჩევად 90 დეპუტატის ხმაა საჭირო. მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ეწურება.

XS
SM
MD
LG