Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო უწყება მზადაა დაიწყოს დევნა რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებებზე


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, კიევი, 2022 წლის სექტემბერი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, კიევი, 2022 წლის სექტემბერი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, ყველა შესაძლო დონეზე და ყველა არსებული საშუალებით, დაიწყოს დევნა რუსეთის ფედერაციისა და მისი ხელმძღვანელობის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე.

პარასკევს, 2 დეკემბერს, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ბერბოკმა რადიო თავისუფლების შეკითხვას ასე უპასუხა:

ჩემი აზრით, რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი იმსახურებს დიდ ყურადღებას. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, ასევე, მტკიცებულებების შეგროვებას სხვადასხვა იურიდიული დეპარტამენტების მიერ გარკვეული დანაშაულების შესახებ, რომლებიც შედის ქმედებების სიაში, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს - ასეთია ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. ამიტომ ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს, რომ გამოვიყენოთ ისინი ბრალდებისთვის სხვადასხვა საქმეზე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ბურბოკმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში, რუსეთის გარდა ვეტოს უფლების მქონე სხვა ქვეყნებიც შედიან, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ჰააგის სასამართლოში მონაწილეები. თუმცა, ისინიც საუბრობენ რუსეთის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლებლობაზე. საუბარი, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებზეა.

„მე აუცილებლად მიმაჩნია რუსეთის დანაშაულების დევნა უკრაინის წინააღმდეგ დაპყრობით ომთან მიმართებით. ამიტომ ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია ფოკუსირება უფრო რთულ დანაშაულზე, როგორიცაა „მოღალატური თავდასხმა სუვერენულ ქვეყანაზე“, რომელიც მოგვიანებით დაემატა ზოგად სიას“, - თქვა ბურბოკმა.

მან ისაუბრა ეჭვმიტანილთა შესაძლო დევნასთან დაკავშირებით წარმოქმნილ სამართლებრივი პრობლემებზეც.

„აუცილებელია, რომ ჩვენ ძალიან ზუსტად გავითვალისწინოთ დანაშაულის ყველა ელემენტი და არა მხოლოდ ის, რაც მხედველობაში იქნა მიღებული ადრე და სხვადასხვა პროცესში, სხვადასხვა საგანგებო ტრიბუნალებში - სწორედ ეს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უპირატესობა და უფლებამოსილება, რომელიც არ უნდა დავარღვიოთ“.

გერმანიაში სუვერენულ სახელმწიფოზე მოღალატური თავდასხმა განიხილება, როგორც უკიდურესად მძიმე დანაშაული საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ, აღნიშნავს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი.

„თუ გვსურს ეს საკითხი სასამართლოში განვიხილოთ, ამ შემთხვევაში, ამოქმედდება საერთაშორისო სამართლის პრინციპი, რომელიც ცალკეულ ქვეყნებს აძლევს შესაძლებლობებს, წარადგინონ სასამართლოში ბრალდება ამ დანაშაულთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ ახლა საფუძვლიანად განვიხილავთ ყველა არსებულ შესაძლებლობას. ჩვენ ეს საკითხი ჩვენს პარტნიორებთან ეუთოს შეხვედრის ფარგლებშიც განვიხილეთ“, - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

21 ნოემბერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს ალიანსის ყველა წევრს „მკაფიოდ განაცხადონ, რომ რუსეთის სახელმწიფოში არსებული რეჟიმი ტერორისტული რეჟიმია“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აუცილებელია რუსეთის აგრესიისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა. მანამდე მსგავსი რეზოლუცია მიიღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ასევე ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და ჩეხეთის პარლამენტებმა.

ოქტომბრის შუა რიცხვებში კი ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს ევროკავშირის ქვეყნებს და მათ საერთაშორისო პარტნიორებს შექმნან ტრიბუნალი, რომელიც გამოიძიებს რუსი სამხედროების შესაძლო დანაშაულებს უკრაინის ტერიტორიაზე და საფუძველს ჩაუყრის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

დღემდე არ არსებობს ასეთი ტრიბუნალის შექმნის მექანიზმი. უკრაინაში შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოძიება, უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლებასთან ერთად დაიწყო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ, რომლის წევრიც არ არის რუსეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG