Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: სამჯერ ვიომეთ, საკმარისია


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიციაზე ილაპარაკა და ოპოზიციას, რომელსაც "პოპულისტი ფარისევლები" უწოდა, უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე საომრად წასვლა შესთავაზა.

"ჩვენ სამჯერ ვიომეთ, მეგობრებო, სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა. საკმარისია. ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით - ეს არის გონივრული, ეროვნული პოლიტიკა და არა ომით და მით უმეტეს, [რუსეთის] წაუგებელ ომებში ჩვენი ხალხის შეყვანით. კიდევ ერთხელ შევახსენებ ამ პოპულისტ ფარისევლებს.

რომელი პოლიტიკოსი გინახავთ ომში გარდაცვლილი? ბევრს რომ ლაპარაკობენ, ფეისბუკში რომ არიან აქტიურები და გარკვეული, ძალიან დიდი, ვითომ ვაჟკაცური, გაბედული პოსტებით რომ გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ. არა კიევში, სელფებს რომ იღებდნენ, ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ და იომონ, თუ ასე ძალიან უნდათ მაინცდამაინც უკრაინის ომში მონაწილეობის მიღება. ხალხი ბრძენია და ამას ყველაფერს ხედავს, მაგრამ ვინაიდან ასეთ ტრაგედიაზე ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ყოველთვის შევახსენებთ, რომ ეს არის ამორალური ფარისევლობა და მათ არაფერი ესაქმებათ საერთოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვასთან",
- თქვა პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, რომ საქართველოს, როგორც ოკუპირებულ სახელმწიფოს, დიდი სიფრთხილე სჭირდება "ნებისმიერი სიტყვისა და ქმედებისას."

"ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი განცხადებებით გამოდიოდნენ ეს "ომის პარტიის" წარმომადგენლები, მათი სახალხო დამცველი ქალბატონი ლომჯარია, რომ გვირჩევნია, ბომბები ცვიოდეს საქართველოში, თბილისში, გამოდიოდნენ და ასეთი განცხადებებით დაგვამახსოვრეს თავი. რა უნდა გაგვიკვირდეს ამ ადამიანებისგან საერთოდ? თქვენ ახლა ვინმეს გგონიათ, რომ ამ ადამიანებს უხარიათ ახლა დღეს ჩვენთან მშვიდობა რომ არის, ეს სტაბილურობა და ეს კეთილდღეობა? გასაგებია, ჩვენ ყველას ძალიან არ მოგვწონს, რაც ხდება უკრაინაში და ვართ უკიდურესად შეშფოთებულები, მაგრამ შეხედეთ ნატოს წევრი ქვეყნები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები როგორ იქცევიან. ჩვენ ვართ ოკუპირებული სახელმწიფო, ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული, ჩვენს ნებისმიერი სიტყვას და ქმედებას სჭირდება ძალიან დიდი გააზრება და ჩვენ ეს ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვას ის მომხდარიდან მესამე დღეს გამოეხმაურა მთავრობის სხდომაზე. ამ განცხადებაში პრემიერმა მეომრები "საწყალ ბიჭებად" მოიხსენია და თქვა, რომ მთავრობა მათთვის ყველაფერს აკეთებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG