Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ბალისტიკური რაკეტების მარაგის ირანის დახმარებით შევსებას ცდილობს


ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა დახარჯა საკუთარი ბალისტიკური რაკეტების, SS-26 „ისკანდერის“, მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი. ლაპარაკია რაკეტებზე, რომლებსაც შეუძლიათ 500 კილოგრამიანი ქობინის 500 კილომეტრის მანძილზე გადატანა. ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ მარაგის შევსებას რუსეთი ირანის დახმარებით გეგმავს.

„თუკი რუსეთი შეძლებს შეიარაღებაში მიიღოს ირანის წარმოების ბალისტიკური რაკეტების დიდი რაოდენობა, ის სავარაუდოდ გააგრძელებს და გააფართოებს თავდასხმის კამპანიას უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაციონალურ ინფრასტრუქტურაზე“, - ვკითხულობთ ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მიერ 10 დეკემბერს გამოქვეყნებულ ყოველდღიურ ცნობაში.

9 დეკემბერს ბრიტნეთის დაზვერვა იტყობინებოდა, რომ რუსეთმა ირანისგან სავარაუდოდ უკვე მიიღო უპილოტო საფრენი აპარატების, ე.წ. „კამიკაძე დრონების“ ახალი პარტია.

NBC News-ის ცნობით, უპილოტო საფრენი მოწყობილობების სანაცვლოდ, რუსეთი ირანს უგზავნის თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობას და ასევე ვერტმფრენებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს. NBC News-მა ეს ინფორმაცია თეთრი სახლის მაღალი თანამდებობის პირებზე დაყრდნობით, 9 დეკემბერს გაავცელა. რესპონდეტებმა თეირანისადმი მოსკოვის მხარდაჭერის დონეს "უპრეცედენტო" უწოდეს.

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მიერ 10 დეკემბერს გავრცელებულ ინფორამციაში ასევე ვკითხულობთ, რომ ირანი რუსეთისთვის მნიშვნელოვან მოკავშირედ იქცა.

ირანისა და რუსეთის მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო თანამეგობრობა სახიფათოდ თვლის არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ირანის ყველა მეზობლისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG