Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტებს წელიწადში ერთი თვის განმავლობაში სამხედრო მომზადების გავლის საშუალება მიეცემათ - მდინარაძე


მამუკა მდინარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ თანაპარტიელები დადებითად შეხვდნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას. როგორც მდინარაძემ განმარტა, ცვლილებების მიღების შემდეგ, სტუდენტებს წელიწადში ერთი თვის განმავლობაში სამხედრო მომზადების გავლის საშუალება მიეცემათ.

„გვქონდა საუბარი იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ერთხელ და სამუდამოდ დალაგდება ეს თემა. ერთი იმ მიმართულებით, რომ იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურის უფრო მოქნილი პროექტი. მაგალითად, სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ოთხი წლის განმავლობაში, წელიწადში ერთი თვე, თავისი შეხედულებისამებრ არჩეულ დროს, გაიარონ სამხედრო მომზადება. ამ პროექტის შედეგად ჩვენ გვეყოლება, მაქსიმუმ ათი წლის განმავლობაში, 100 000-ზე მეტი შესაბამის დონეზე მომზადებული რეზერვი", - თქვა მდინარაძემ.

დეპუტატი გამოეხმაურა ინიციატივის იმ ნაწილს, რომელიც ეხება „გირჩის" მიერ დაფუძნებულ „ბიბლიურ თავისუფლებას". მდინარაძის თქმით, იგეგმება საკანონმდებლო ხარვეზის (ე.წ. შავი ხვრელის) აღმოფხვრა, რომლითაც „სარგებლობდნენ პოლიტიკური ჯგუფები".

„მე მგონია, რომ პატრიოტული სულისკვეთება სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით, პირიქით, ყველა თქვენგანის, ჩვენგანის და საზოგადოების მხრიდან უნდა იყოს მხარდაჭერილი. ამ მიმართულებით უნდა იყოს მუშაობა, ეს ჩვენი საერთო ვალია ყველასი", - დაამატა პარლამენტის წევრმა.

საქართველოს პრემიერი-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ შეიცვლება კანონმდებლობა და ახალგაზრდები "სასულიერო პირის მოწმობებით" ვეღარ შეძლებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე დღეს, 12 დეკემბერს, ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას „გირჩი" განცხადებით გამოეხმაურა. პოლიტიკური პარტია აცხადებს, რომ მხოლოდ ის ვერ შეძლებს „ბიბლიური თავისუფლების" დაცვას და მოუწოდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან „დახსნილ ადამიანებს", ღიად გამოხატონ პოზიცია და დაიცვან „ერთხელ მოპოვებული თავისუფლება".

„პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების შინაარსი კი იმაშია, რომ მთავრობას არ სურს ადამიანებს ხელფასი უხადოს და სურს იძულებით ამუშაოს ჯარისკაცებად. ამას პატრიოტიზმთან, ქრისტიანობასთან ან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია", - ვკითხულობთ „გირჩის" განცხადებაში.

2017 წელს პარტია "გირჩმა" დააარსა რელიგიური ორგანიზაცია "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია-ბიბლიური თავისუფლება". ამ გზით პარტია იმ ახალგაზრდებს ეხმარებოდა, რომლებსაც არ უნდოდათ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა.

მოქმედი კანონი ნებისმიერი კონფესიის მღვდელთმსახურებს სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს.

XS
SM
MD
LG