Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპანია „გემრიელია და წერტილი“ ვერ ხსნის „მაკდონალდსის“ ნებართვის გარეშე თავის ფილიალს ოკუპირებულ აფხაზეთში


სწრაფი კვების კომპანია "გემრიელია და წერტილის“ შენობის ფასადი
სწრაფი კვების კომპანია "გემრიელია და წერტილის“ შენობის ფასადი

სწრაფი კვების საწარმოთა ქსელ „გემრიელია და წერილს“, რომელმაც რუსეთის ტერიტორიაზე „მაკდონალდსი“ ჩაანაცვლა, დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაშიც სურს რესტორნის გახსნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უამბო კომპანიის მფლობელმა ალექსანდრ გოვორმა, რომლის თანახმად, ამ საკითხის გარშემო მიმდინარეობს მოლაპარაკება კორპორაცია McDonald’s-თან.

როგორც სააგენტო „ტასს“ განუცხადა ქსელის გენერალურმა დირექტორმა ოლეგ პეროევმა, კორპორაცია „მაკდონალდსთან“ გაფორმებული შეთანხმების თანახმად, „გემრიელია და წერტილს“ არ შეუძლია იმ ბაზრებზე მუშაობა, სადაც არის აღნიშნული ამერიკული ბრენდი.

„აფხაზეთში სირთულეები გვაქვს. საქართველოში არსებობს McDonald’s-ის ქსელი, მაგრამ აფხაზეთში არ არის. ამასთან ამერიკული კორპორაციისთვის აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ამიტომ ეს კოლიზია რომ გადაიჭრას, ჩვენ ვმუშაობთ კორპორაციასთან ვარიანტის მოსაძებნად. ჩვენ გვსურს დავიცვათ კორპორაციის წინაშე ნაკისრი ვალდებულება და ამ ბაზარზე სწორად, კანონიერად შევიდეთ. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და ეს გარკვეულ დროს დაიკავებს“, - აღნიშნა პეროევმა და დასძინა, რომ ჯერჯერობით აფხაზეთის ბაზარზე შესვლის ვადას ვერ ასახელებს.

  • კომპანია McDonald's-ის ქსელმა რუსეთი უკრაინასთან ომის გამო დატოვა. კომპანიის კუთვნილი რუსული ბიზნესი იყიდა ნოვოკუზნეცკელმა მეწარმემ ალექსანდრე გოვორმა. ახალი რესტორნების ქსელს "გემრიელია და წერტილი“ ეწოდება. დაგეგმილი იყო, რომ იმავე ბრენდით იმუშავებდნენ ასევე ბელარუსში არსებული McDonald's-ის რესტორნები, მაგრამ ამ ქვეყანაში ამ დროისთვის კვლავ რჩება ამერიკული სწრაფი კვების ქსელი.
  • რუსული მედიის ცნობით, "გემრიელია და წერტილი“ წარმოდგენილია რუსეთის ფედერაციის 63 სუბიექტში. ამჟამად რუსული კომპანიის 840-ზე მეტი რესტორანი უკვე გაიხსნა იმ 850 ობიექტში, სადაც მანამდე McDonald's-ი მუშაობდა.
  • საქართველო და მისი საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. ამ თვითგამოცხადებული სახელმწიფოების დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ.
XS
SM
MD
LG