Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ისტორიული პერსონაჟებისა და ფოლკლორული გმირების სუვენირებზე დაბეჭდვის განკარგულება გასცა


ფოტო არქივიდან: მოსკოვი. სუვენირები. 18 დეკემბერი, 2009 წელი
ფოტო არქივიდან: მოსკოვი. სუვენირები. 18 დეკემბერი, 2009 წელი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საჭიროდ მიიჩნევს "ტრადიციულ ღირებულებებთან შესაბამისი რუსეთის ისტორიისა და ფოლკლორის გმირების პოპულარიზაციას".

კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განკარგულების დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ზომები უნდა მიიღოს რუსეთის ისტორიისა და ფოლკლორის იმ გმირების პოპულარიზაციისთვის, რომლებიც შეესაბამებიან ტრადიციულ ღირებულებებს. მათ შორის ამ გმირების სურათები უნდა დაიბეჭდოს სუვენირებზე, სახალხო მოხმარების საქონელზე და სხვა პროდუქციაზე.

განკარგულების შესრულებაზე პასუხისმგებლობა პუტინმა რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხაილ მიშუსტინს დააკისრა და ვადა 2023 წლის 15 მაისამდე განუსაზღვრა.

ამ დროისთვის „პრეზიდენტი ელოდება მოხსენებას მინისტრთა კაბინეტიდან, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიიდან, რუსეთის ისტორიული საზოგადოებიდან, რუსეთის სამხედრო-ისტორიული საზოგადოებიდან და საზოგადოება „Знание"-სგან“ "ახალგაზრდებში თანამედროვე სამეცნიერო ცოდნის პოპულარიზაციის მექანიზმების შესახებ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

რუსეთის ისტორიული და ეროვნული ფოლკლორული გმირების პოპულარიზაციის პრობლემა, ისტორიკოსებთან და რელიგიის სფეროს წარმომადგენლებთან პუტინის 4 ნოემბერს მართულ შეხვედრაზე პოლიტოლოგმა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა ნატალია ნაროჩნიცკაიამ წამოჭრა. მან დაიჩივლა, რომ შვილიშვილებისთვის საჩუქრად ვერ უყიდია მაისურები, რომლებზეც გამოსახული იქნებოდნენ რუსული ისტორიული ან ზღაპრების გმირები, მაღაზიებში კი "მხოლოდ ბეტმენი, სპაიდერმენი და ყველანაირი „მონსტრი" იყიდება. მისი აზრით, სამაგიდო თამაშები, მულტფილმები, წიგნები ბავშვებს უნდა უყვებოდნენ დმიტრი დონსკოის, ალექსანდრე ნეველის და სხვა გმირების შესახებ.

პუტინი დაეთანხმა, რომ ისტორია საბავშვო ბაღიდან უნდა ისწავლებოდეს, ამისთვის კი წიგნების, სათამაშოების, მულტფილმების შექმნაა აუცილებელი.

მანამდე რუსეთის კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ რუსეთს სჭირდება ფილმები იმაზე, თუ როგორ ინგრევა ევროპა და რა “გმირობებს” სჩადიან რუსი ჯარისკაცები უკრაინაში. სამინისტრომ რუსულ კინოინდუსტრიას ამისთვის 12 მილიარდი რუბლი (500 მილიონი ლარი) გამოუყო.

XS
SM
MD
LG