Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"TV პირველი" იუსტიციის სამინისტროს სააკაშვილის სხდომაზე ჩასართავად დახმარებას სთავაზობს


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

ტელეკომპანია "TV პირველი" იუსტიციის სამინისტროს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩასართავად ტექნიკურ დახმარებას სთავაზობს. არხის მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე საჯაროდ გამოთქვამს მზადყოფნას.

"საქართველოს იუსტიციის სამინისტრო "ტვ პირველი" მზად არის, აღმოგიჩინოთ უსასყიდლო ტექნიკური დახმარება და უზრუნველყოს მისი ტექნიკური საშუალებებით, მაღალი გარჩევადობის full HD ხარისხით პირდაპირი ტრანსლაცია კლინიკა "ვივამედიდან" თბილისის საქალაქო სასამართლოში. ასევე, ტექნიკურად უზრუნველყოს უკუკავშირი სასამართლოდან კლინიკაში. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მზად ვართ სიგნალის ტრანსლაცია უზრუნველყოფილი იყოს დაუყონებლივ", - წერს ნოდარ მელაძე "ფეისბუკზე".

დღევანდელ, 14 დეკემბრის სხდომაზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საკითხი განიხილებოდა, პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარი "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არარსებობის მიზეზით ვერ ჩართო.

სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ იკითხა, რატომ ვერ მოხერხდა მსჯავრდადებულის დისტანციურად ჩართვა, როცა კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით.

"გუშინ იუსტიციის მინისტრი გამობრძანდა და იმუქრებოდა კადრების გავრცელებით. თუ ამდენი ტექნიკაა, ამდენი კადრებია, რა არის მიზეზი იმისა, რომ ვერ ხერხდება პატიმრის ჩართვა? ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ. "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლით, ყველა ადამიანს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება. რაშია საქმე?!" - თქვა სხდომაზე შალვა ხაჭაპურიძემ.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა კი შალვა ხაჭაპურის კითხვაზე პასუხად თქვა, რომ "შესაბამის ტექნიკურ საშუალებებს სჭირდება შესაბამისი გამართვა. ამ ეტაპზე კლინიკა "ვივამედში" არ აქვს პენიტენციურ სამსახურს შესაბამისი ტექნიკური საშუალებები."

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. პირველი სასამართლო სხდომა წინა კვირაში გაიმართა.

შუამდგომლობის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს. "სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკა "ვივამედში." ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ პაციენტი მკურნალობას რთულად ემორჩილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG