Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უნდოდა ყოფილიყო დიდი მოვლენის თანამონაწილე“ - უკრაინაში დაღუპული სერგო ლისიხის მეგობარი


უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სერგო ლისიხი
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სერგო ლისიხი

34 წლის ქართველი მებრძოლი, სერგო ლისიხი 13 დეკემბერს, ბახმუტთან მიმდინარე საომარი ოპერაციისას დაიღუპა. მისი ცხედრის ფრონტის ხაზიდან გამოსვენებას ამ დრომდე ცდილობენ თანამებრძოლები.

სერგო ლისიხი წლების განმავლობაში ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებში. ორჯერ იმყოფებოდა ავღანეთში, სადაც მონაწილეობდა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნატოს საერთაშორისო მისიაში. მონაწილეობდა ნატოს სამშვიდობო მისიაში კოსოვოში და იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომში.

უკრაინაში 2022 წლის ზაფხულში, სლოვენიიდან წავიდა. როგორც მისი ახლო მეგობარი, ზაზა ადუაშვილი გვიყვება, სერგომ სლოვენიაში წასვლა რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა, იქ მუშაობაც დაიწყო, თუმცა, მალევე მისწერა მეგობარს, რომ ომში წასვლას გეგმავდა:

„ცოტა ხნის წინ, ისევე როგორც ბევრმა სხვამ საქართველოდან, მანაც უცხოეთში გადაწყვიტა სამუშაოდ წასვლა. ძალიან ნერვიულობდა და წუხდა სამხედრო სამსახურისთვის თავის დანებების გამო. დიდი ხნის განმავლობაში მსახურობდა და მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი. თუმცა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, ევროპაში წასვლა გადაწყვიტა. მანამდე ენის კურსები გაიარა, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი იყო. სერგო პროფესიონალი ჯარისკაცი იყო. სულ მქონდა განცდა, რომ დიდხანს არ გაჩერდებოდა და უკრაინაში წავიდოდა. ერთ დღესაც მომწერა, რომ უკრაინაში მიდიოდა“, - იხსენებს ზაზა.

მართალია მეგობარმა სერგოს ომში წასვლის გადაწყვეტილება არ მოუწონა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ მის გადარწმუნებას ვერ მოახერხებდა:

„რომც დაგიშალო, აზრიც არ ექნება-მეთქი და მართალი ხარო, მიპასუხა. აქაც, როდესაც საქართველოში იყო, მისი მოტივაცია სულ იყო, რომ თავისი წვლილი შეეტანა ქვეყნის თავისუფლებაში. სულ ამბობდა, რომ უნდოდა ყოფილიყო რაღაც დიდი მოვლენის თანამონაწილე. შინაგანი გრძნობა, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მუდმივად აწუხებდა და თვლიდა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდებოდა, მარტო უკრაინის ომი არ იყო“.

ომში წასვლის შემდეგ ზაზას და სერგოს ყოველდღიური მიმოწერა ჰქონდათ. სანამ უკრაინაში წავიდოდა, ზაზამ სერგოს სთხოვა:

„ვუთხარი, მე ყოველ დღე მოგწერ და შენ თუ გინდა, პასუხს ნუ დამიბრუნებ. როცა ვნახავ, რომ ჩემი მესიჯი ნახე, ესეც დამამშვიდებს-მეთქი. მივწერდი ხოლმე, „როგორ ხარ?“ ის აუცილებლად დამიბრუნებდა პასუხს - „კარგად“. თუ მოსაყოლი ჰქონდა რამე, მირეკავდა და მიყვებოდა. მიგზავნიდა ფოტოებს და განწყობაზე ეტყობოდა, რომ იყო ზუსტად იქ, სადაც უნდა ყოფილიყო“.

უკანასკნელად ზაზამ სერგოს მისი დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ცნობამდე 22 საათით ადრე მისწერა:

„ჟურნალისტმა დამირეკა გუშინ და მკითხა, ხომ არაფერი იცით სერგოს შესახებო? წარმოდგენა არ მქონდა, რა უბედურება დატრიალდა. 22 საათით ადრე მქონდა მიწერილი სერგოსთვის. ბოლოს რაც მომწერა იყო ის, რომ კარგად იყო და შედიოდა ბრძოლის ველზე და კონტაქტი უნდა გაეწყვიტა. ეს იყო ჩვენი ბოლო კომუნიკაცია. მას შემდეგ ჩემი მესიჯი აღარ ჰქონდა ნანახი“.

ზაზას კარგად ახსოვს ის დღე, როცა წლების წინ სერგო გაიცნო. კარგად ახსოვს ის დღეც, როცა უკანასკნელად ნახა:

„პატარა რესტორანი მაქვს. რამდენიმე წლის წინ ლუდის დასალევად შემოვიდა და მას შემდეგ დავმეგობრდით. როგორც კი თავისუფალ დროს ნახავდა, მოდიოდა, ვსვამდით ლუდს და ბევრს ვლაპარაკობდით. ერთხელ ავთანეთიდან საჩუქარიც ჩამომიტანა, ავღანური ტრადიციული თავსაბურავი. ძალიან უყვარდა ისტორია. პატრიოტულ თემებზე ლაპარაკი. ვისხედით ხოლმე, ვსვამდით ლუდს და ათას თემას განვიხილავდით. სერგო ეთნიკურად გერმანელია, თუმცა მისი წინაპრები ათეული წლების წინ დასახლდნენ საქართველოში. სერგო გორში დაიბადა და გაიზარდა. უკანასკნელადაც ჩემთან შევხვდით ერთმანეთს. სლოვენიაში წასვლის წინ შემოგვიარა, ბევრი ვილაპარაკეთ. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო“.

სერგო ლისიხს გორში დედა და ორი მცირეწლოვანი გოგო დარჩა.

სერგო ლისიხთან ერთად 13 დეკემბერს ბახმუტთან ბრძოლისას დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ თევდორაძე. მისი თანამებრძოლების ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, ჩასაფრებაში, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. მიხეილ თევდორაძის ცხედარი ფრონტის ხაზიდან პროზექტურაშია გადასვენებული.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მეომარი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. ომის დაწყებიდან ამ დრომდე უკრაინაში უკვე 36 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG