Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი ფილიალში ყაჩაღობა მოხდა, გატაცებულია თანხა


ყაჩაღობა მოხდა „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში, რომელიც თბილისში, პეკინის #16-ში მდებარეობს. ბანკში შეჭრის ფაქტი რადიო თავისუფლებას „საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. წაღებულია თანხა, თუმცა ბანკი მის რაოდენობას არ ასახელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულსხმობს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბანკის ფილიალში ერთი ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შეიჭრა.

20 სექტემბერს "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალში შეჭრილმა პირმა მძევლად 14 ადამიანი ადამიანი აიყვანა. ის 2 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ 1,5 მილიონი უნდოდა. თავდამსხმელი სამართალდამცველებთან და მედიასთან მძევლების დახმარებით ურთიერთობდა. ის იმავე დღეს დააკავეს. გრიგოლ ნარსიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.

2 აპრილს თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა წარსულში ნასამართლევი ორი პირი.

ამ დრომდე არ არის დაკავებული ბადრი ესებუა, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკში" შეიჭრა და ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო. მასზე ძებნაა გამოცხადებული.

თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა, თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის" ფილიალში 43 ადამიანი აიყვანა მძევლად.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის იმდროინდელ დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა „საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალში გასული წლის სექტემბერში. ამ საქმეზე ბრალდებული შალვა მელიქიშვილი შსს-მ დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG