Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქ არ ირღვევა ქალბატონების და პერსონალის უფლებები? - თავდაცვის მინისტრი სააკაშვილის კადრებზე


ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის მინისტრი
ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედის" პერსონალის უფლებებს ლახავს. "ეს არის ჩვეულებრივი ტერორი", - თქვა მან ჟურნალისტებთან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოკადრების გავრცელების შესახებ კომენტარში.

"ეს არის სიმულაცია და საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს, გუშინ კითხვა არ გაუჩნდათ? იქ არ ირღვევა ქალბატონების და პერსონალის უფლებები? ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იმავეს აგრძელებს... აქ ამ კომპონენტზე არავის უფიქრია, სად არიან ადამიანის უფლებადამცველები?!" - თქვა მინისტრმა.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები კლინიკა "ვივამედიდან" სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ვიდეო, რომელსაც ხმა არ აქვს, 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და მოიცავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია სამი თარიღი: 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და სულ ბოლოს რამდენიმე წამზე - 12 დეკემბერი.

კადრების გასაჯაროების შესახებ „იმედის" ეთერში ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მან განაცხადა, რომ კლინიკა „ვივამედში" ყოფილი პრეზიდენტის ყოფნის ამსახველი კადრების გასაჯაროების მიზანი იყო იმის დამტკიცება, რომ საქართველოში არავის აწამებენ.

კადრების გამოქვეყნების შესაძლებლობაზე რატი ბრეგაძემ ერთი დღით ადრე ილაპარაკა. მან ყოფილი პრეზიდენტი სიმულაციურ ქმედებებში დაადანაშაულა და თქვა, რომ კადრები საზოგადოებას ნათლად დაანახებს იმას, თუ რაზე საუბრობს ხელისუფლება, რადგან, მისი აზრით, სააკაშვილის მომხრეები ცდილობენ არასწორი საზოგადოებრივი აზრის შექმნას.

გუშინ, 14 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარი "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არქონის მიზეზით კლინიკიდან ვერ ჩართო დისტანციურად.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.

"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.

XS
SM
MD
LG