Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების შიმშილობის წინააღმდეგი იყო


ხატია დეკანოიძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე
ხატია დეკანოიძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამი დეპუტატის შიმშილობას გამოეხმაურა პარლამენტის ამავე ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე. ის აცხადებს, რომ შიმშილობის დაწყების წინააღმდეგი იყო და დეპუტატების გადარწმუნებას ცდილობდა.

„ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი. ჯერ კიდევ გუშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა, ჩემს მეგობრებს ჰქონდათ შიმშილობის იდეა. მათ დღეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღეს. მე პირადად და რამდენიმე ადამიანი ფრაქციაში კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით. ჯანმრთელობის ნებისმიერი დაზიანების მიმდინარეობისას ვარ წინააღმდეგი და ისინი ჩემი მეგობრები არიან. განსაკუთრებით ვნერვიულობ ანიზე, არ მიწყენენ, ალბათ, ჩემი მეგობრები. განსაკუთრებით ბევრი ვეცადე, რომ ანი გადამერწმუნებინა, მაგრამ ანის ძალიან ემოციური ფონი აქვს და ყველა ჩვენგანს აქვს ემოციური ფონი. მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ჩაგდება, რასაც უკეთებს მას საქართველოს ხელისუფლება, ადამიანები, ვინც არიან ადამიანის უფლებების დამრღვევები და სისხლის სამართლის დანაშაულს ვინც სჩადიან, საზოგადოებისთვის არის ძალიან მძიმე და ჩვენთვისაც ემოციურად არის ძალიან მძიმე, ამიტომ მათ გადაწყვიტეს ინდივიდუალური თავგანწირვის აქტი - შიმშილობა განახორციელონ. ვეცადე გადარწმუნებას, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამომივიდა", - განაცხადა დეკანოიძემ.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" წევრებმა დავით კირკიტაძემ, ანი წითლიძემ და აბდულ ისმაილოვმა 15 დეკემბერს შიმშილობა გამოაცხადეს. მათ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 დეკემბერს გამოაქვეყნა საქართველოს მესამე პრეზიდენტი,ს მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის ამსახველი კადრები.

დეპუტატები მოითხოვენ, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას.

14 დეკემბერსვე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო სხდომა, რომელსაც ექსპრეზიდენტი არ დასწრებია - პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს ოფიციალური წერილით აცნობა, რომ "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არქონის გამო ვერ ჩართავდა პატიმარს დისტანციურად.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. მორიგი სხდომა 22 დეკემბერს არის დანიშნული.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.

"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტის წონის კლება ამ ტემპით გაგრძელდება, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG