Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ბელქანიას ცნობით, წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თამარ ბელქანიას თქმით, მერის პირველი მოადგილე ვანო ბურდული ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. როგორც ბელქანია ამბობს, ის მერის ავტომანქანით წალენჯიხა-ზუგდიდის გზაზე ცხენს შეეჯახა.

რადიო თავისუფლებას თამარ ბელქანიამ განუცხადა, რომ ვანო ბურდული შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა. დაზიანდა პიკაპის ტიპის ავტომანქანა. მისი ინფორმაციით, შემთხვევის დროს მანქანაში მერი არ იმყოფებოდა.

„მას [ვანო ბურდულს] ცხენმა გზა უეცრად გადაუჭრა და შეასკდა. ის არ არის ადგილობრივი და არ არის შეჩვეული, რომ უეცრად შეიძლება, გზაზე ცხენი გადმოუხტეს. ეს არის, რაც მოხდა“, - თქვა თამარ ბელქანიამ.

თავდაპირველად სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში წალენჯიხის მერი მოჰყვა, რაც, ბელქანიას თქმით, სავარაუდოდ, იმან გამოიწვია, რომ ვანო ბურდული მერის კუთვნილი ავტომობილით მოძრაობდა. თამარ ბელქანიას სიტყვებით, გია ხარჩილავას ავტომანქანით ძირითადად მისი პირველი მოადგილე სარგებლობს მას შემდეგ, რაც მერმა პირადი ავტომობილი შეიძინა. როგორც ხარჩილავას მოადგილე ამბობს, პოლიციამ შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერა და დაიწყო მოკვლევა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

12 ოქტომბერს წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას სახლთან მდგარ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ხარჩილავა ამბობდა, რომ მანქანა დაუწვეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მერმა ეს ფაქტი მაშინვე დაუკავშირა თავის საქმიანობას - ის საქართველოს 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატი იყო, რომელმაც 2021 წლის არჩევნებში გაიმარჯვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG