ჰომოფობიური და პრორუსული განწყობებით გამორჩეული ტელეარხის „ალტ-ინფოს" წამყვანმა ზურაბ მახარაძემ 15 დეკემბერს ამავე არხზე, გადაცემა „დღის კომენტარში" დაასახელა მიზეზი, რის გამოც ჩამოშორდა „კონსერვატიული მოძრაობის" ხელმძღვანელ პოზიციას. მახარაძე არ ასახელებს ვინ, მაგრამ ამბობს, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ.
„არის დრო, მაგას ავხსნი...არის საჭირო, ჩვენს მხარდამჭერებს ავუხსნა რატომ ვარ გაწეული გვერდზე და მე დარწმუნებული ვარ, ხალხი გაიგებს მაგას...სიტუაცია სინამდვილეში არის ესეთი: ის თემა კი იცით ახლა, რომ სხვა ქალის გამო ოჯახი დავანგრიე, ეგ თემა მოგიყევით ადრეც. ეგ ცალკე ძალიან მძიმე თემა იყო ჩემთვის. პლუს მაგას, არის ეგეთი გარემოება, რომ სხვა ქალთან ურთიერთობები რომ მქონდა, ვიღაცებს ხელში ჩაუვარდათ ჩემი გოგოსთან მიმოწერის კადრები, ინტიმური ურთიერთობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ...იყო გარკვეული შანტაჟის თემები, გამოვაქვეყნებთ და ასე შემდეგ", - ამბობს ზურა მახარაძე.
უცნობია, მახარაძემ შანტაჟის ფაქტის გამო მიმართა თუ არა სამართალდამცველებს.
პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" (საზოგადოებაში "ალტ-ინფოს" სახელითაა ცნობილი) თავმჯდომარის პოზიცია ზურა მახარაძემ აპრილში დატოვა.
„კონსერვატიული მოძრაობა" პარტიის სახით 2021 წლის ბოლოს დარეგისტრირდა. ამავე პარტიის ლიდერები არიან ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელებიც.
„ალტ-ინფოს" ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც პრორუსული, ანტიდასავლური და ჰომოფობიური განწყობებით გამოირჩევიან, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენების ორგანიზატორთა შორის იყვნენ, როდესაც ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად დაშავდა მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი.
„ალტ-ინფოს“ ჯგუფის წარმომადგენლები გამოკითხვაზეც იყვნენ დაბარებული, გაჩხრიკეს მათი სახლებიც.
2021 წლის 20 ნოემბერს პარტიის დაფუძნებისას კი ზურაბ მახარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ხვალაც რომ დადგეს მსგავსი მდგომარეობა“, რაც 5 ივლისს იყო, ის კვლავ გამოვა და დაჭერის არ ეშინია.
2021 წლის 7 ივლისს ევროკავშირის დროშის დახევის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, აგრესიული ჯგუფების მიტინგზე, ზურა მახარაძემ გამოაცხადა, რომ დასავლელი ელჩები „თავიანთ საელჩოებში უნდა დაეტიონ“.
2022 წლის ოქტომბერში „კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერები და ტელეარხ „ალტ-ინფოს" წამყვანები, მათ შორის, ზურაბ მახარაძე რუსეთში, ევრაზიული კავშირის ინტეგრაციულ ფორუმში მონაწილეობდნენ.