უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშობლოში დაბრუნდა და სამუშაო კაბინეტიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„დილა მშვიდობისა ყველას. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, კაბინეტში ვარ, ვმუშაობთ გამარჯვებისთვის“, - ამბობს ზელენსკი ტელეგრამის არხით გავრცელებულ რამდენიმეწამიან ვიდეომიმართვაში.
აშშ-დან უკრაინაში დაბრუნებისას, ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა და პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეხვდა.
აშშ-ში სტუმრობის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში, ევროკავშირში მიიწვიეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თანახმად, უკრაინელი სტუმარი ბრიუსელში თებერვალში ჩავა. მიშელის თქმით, უკრაინა-ევროკავშირის სამიტი გაიმართება 3 თებერვალს.
ზელენსკი, თავის ქვეყანაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, 21-22 დეკემბერს პირველი ვიზიტით იმყოფებოდა საზღვარგარეთ - აშშ-ი. მანამდე მან არაერთ სამიტში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის გერმანიაში „დიდი შვიდიანის“ სამიტსაც მიმართა, მაგრამ ეს შეხვედრები ონლაინ რეჟიმში შედგა.