Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეგნანის თქმით, მთავრობის მოვალეობაა, რომ სააკაშვილმა მიიღოს სათანადო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. მისი აზრით, მთავრობის მოვალეობაა, რომ სააკაშვილმა სათანადო სამედიცინო დახმარება მიიღოს.

„ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს. ასევე მნიშვნელოვანია და ეს მთავრობის მოვალეობაა, რომ მან მიიღოს სათანადო სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური დახმარება, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ძალიან ბევრმა გააკეთა განცხადება ამის შესახებ, მათ შორის სახალხო დამცველმა, რომ მას სჭირდება სათანადო, საჭირო სამედიცინო დახმარება. ზუსტად ეს უნდა დადგინდეს სასამართლო პროცესზე, ამიტომ ის შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს და არ იყოს რაიმე სახის შეყოვნება", - განაცხადა დიპლომატმა.

კელი დეგნანმა ასევე უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასჯელს. ელჩი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, საზოგადოება დარწმუნდეს, რომ საკითხი გადაწყვეტილია მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ.

„ბატონ გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ჩვენ დასაწყისშივე განვაცხადეთ, რომ არსებობდა გარკვეული კითხვები დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით. როდესაც საქმე ეხება მედიაარხ „მთავარის“ ხელმძღვანელს, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება დარწმუნდეს, აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილია მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კითხვები დაიბადა ამ საკითხთან დაკავშირებით - შერჩეული სასჯელი და მისი არაპროპორციულობა არსებულ ბრალდებასთან მიმართებაში. განსაკუთრებით ასეთ პოლარიზებულ გარემოში, როდესაც მედიასივრცე გარკვეულწილად მცირდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას არ ჰქონდეს კითხვები, რომ აღნიშნული საქმის პროცესი მიმდინარეობს ან პოლიტიკური ჩარევით, ან ზემოქმედებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს არ ეშინოდეთ საკუთარი საქმის კეთების", - თქვა კელი დეგნანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. გუშინ, 22 დეკემბერს, ამ საქმეზე მესამე სხდომა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომას დისტანციურად დაესწრო მიხეილ სააკაშვილიც. შემდეგი განხილვა 29 დეკემბერს არის დანიშნული.

XS
SM
MD
LG