Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა


პარლამენტის წევრი თემურ ჯანაშია.
პარლამენტის წევრი თემურ ჯანაშია.

პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა. ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

„კატეგორიული რეკომენდაციაა ანიზე წითლიძეზეც და თემურ ჯანაშიაზეც იყო კატეგორიული რეკომენდაცია [ექიმების მხრიდან], რომ ორივემ შეწყვიტოს შიმშილობა, მაგრამ თემოსთან დაკავშირებით არის სერიოზული პრობლემა კალიუმის და ნატრიუმის ვარდნასთან მიმართებაში. იმიტომ, რომ მიუხედავად გუშინდელი გადასხმისა, ეს მაჩვენებლები გაცილებით მძიმეა, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით და ერთობლივი მოთხოვნით თემომ შეწყვიტა ახლა შიმშილობა", - უთხრა „მთავარ არხს" ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ.

23 დეკემბერს ამავე პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი დავით კირკიტაძე კლინიკაში გადაიყვანეს. მან თავის ორ კოლეგასთან, ანი წითლიძესა და აბდულა ისმაილოვთან ერთად შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 15 დეკემბერს დაიწყო პარლამენტში. რამდენიმე საათში მათ თემურ ჯანაშია შეუერთდათ. აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა 18 დეკემბერს შეწყვიტა.

სასამართლო ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე მსჯელობს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.

"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტის წონის კლება ამ ტემპით გაგრძელდება, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.

14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია კლინიკა "ვივამედში" მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ეს კადრები შეაფასეს იმის დასტურად, რომ ცნობები სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, გარდა იმისა, რომ ვიდეოს გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევად შეაფასა, კადრები მიიჩნია ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთ დასტურად.

XS
SM
MD
LG