საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შობას ულოცავს საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს.
„საქართველოში კონფესიათა სიმრავლე და მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია საამაყოა ჩვენი ქვეყნისათვის. ვუერთდები საქართველოში არსებული სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის მრევლის, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი, ღირსეული ნაწილის სიხარულსა და საზეიმო განწყობას, რომელიც მუდამ თან ახლავს ქრისტესშობის დღესასწაულს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიხარულსა და კეთილდღეობას!“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
25 დეკემბერს შობას კათოლიკე ეკლესია და პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობა ზეიმობს, სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობას 6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულთან ერთად აღნიშნავს.
25 დეკემბერს ქრისტესშობას ასევე ზეიმობენ შემდეგი ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიები:
კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, საბერძნეთის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთისა, ამერიკის.