შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო გამოძიება ახალგორიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანისას წლინახევრის ელზა კუდუხოვის გარდაცვალების საქმეზე. ბავშვი მშობლებს თბილისში სამკურნალოდ სასწრაფო დახმარების მანქანით გადმოჰყავდათ.
შსს საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით. ამ მუხლით სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ისჯება შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
ცხედარს ექსპერტიზა გორში დღეს დილით ჩაუტარდა. რადიო თავისუფლებას ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა უთხრა, რომ ექსპერტიზის შემდეგ ბავშვი 3 იანვრის დილას ახალგორში გადაასვენეს.
როგორც ახალგორელმა აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა აღნიშნა "ეხო კავკაზასთან" საუბარში, ბავშვი ავად რამდენიმე დღის წინ გახდა და სამედიცინო დახმარება ადგილობრივ საავადმყოფოში გაეწია, პარალელურად მიმდინარეობდა მზადება კვალიფიციური სამედიცინო სერვისის გაწევის მიზნით მის თბილისში გადმოსაყვანად.
მეარაყიშვილის თქმით, პირობით საზღვარზე გადასვლის ნებართვის მიღება გაჭიანურდა. საბოლოოდ კი მშობლებმა მოზარდი მოსაბრუნის, იგივე რაზდახანის გამშვები პუნქტის გავლით შემოიყვანეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
რადიო თავისუფლება ამ ფაქტთან დაკავშირებით ესაუბრა ახალგორის გამგებელს, ნუგზარ თინიკაშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ წლინახევრის ელზა კუდუხოვი 2 იანვარს, 11:30-ზე კრიტიკულ მდგომარეობაში გადმოიყვანეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. მისივე ინფორმაციით, ბავშვი მცხეთის სიახლოვეს გარდაიცვალა.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების 2020 წლის მონაცემებით, ახალგორში, ჯანდაცვის სერვისზე ხელმიუწვდომლობის გამო, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 16 ადამიანი გარდაიცვალა. მაშინ რადიო თავისუფლების წყაროები ამბობდნენ, რომ გარდაცვლილთა რეალური რიცხვი გაცილებით მეტი იყო და 25-ს აჭარბებდა.