Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვივამედის" დირექტორი განმარტავს, რატომ არ გასცემენ სააკაშვილის გადაყვანაზე რეკომენდაციას


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე ამბობს, რომ არ გასცემენ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე ფიზიკურად დასწრების მიზნით გადაყვანის რეკომენდაციას. მან "ინტერპრესნიუსს" უთხრა, რომ არასდროს გაუციათ მსგავსი რეკომენდაცია კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებზე.

"თუ მას შეუძლია გასვლა-შემოსვლა, მაშინ რატომ წევს კლინიკაში?! მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში აგრძელებს...

სანამ პაციენტი კლინიკაში იმყოფება, ჩვენ ასეთ რეკომენდაციას ვერ გავცემთ. როდესაც კლინიკაში აღარ იქნება, სადაც იქნება შემდეგ, იმ დაწესებულებამ გასცეს რეკომენდაცია. სხვა შემთხვევაა, როდესაც პაციენტი გამოკვლევებზე გადაგყავს, სხვა კლინიკაში გადადის და ა.შ." - ამბობს ნადირაძე.

მას უკვირს, რატომ ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გადაყვანას:

"როცა ადრე კლინიკას გვთხოვდნენ, რეკომენდაცია გაგვეცა მისი სასამართლო სხდომაზე დასწრების შესახებ, აქ მთელი „ჯარი“ იყო შემოსული, რომ არ გაბედოთ, არ გასცეთ რეკომენდაციაო და ეს მაშინ, როცა ბევრად უკეთესად იყო."

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" 12 მაისიდან იმყოფება. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები ამბობენ, მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს, შემდეგი სხდომა 9 იანვარს არის დანიშნული.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს სურს, ფიზიკურად დაესწროს სასამართლო სხდომებს.

XS
SM
MD
LG