Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოლედარზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და პრიგოჟინის ცნობები ერთმანეთს არ ემთხვევა


სოლედარი. 2023 წლის 11 იანვარი
სოლედარი. 2023 წლის 11 იანვარი

უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ცნობები განსხვავდება რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მიერ გავრცელებული ინფორმაციისგან.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კონაშენკოვმა მოსკოვში დღეს, 11 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების ქვედანაყოფებმა სოლედარი დაბლოკეს ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებიდან“, ხოლო „საჰაერო-კოსმოსური ძალები ურტყამენ მოწინააღმდეგის საყრდენ პუნქტებს“. კონაშენკოვის ცნობითვე, „ქალაქში ბრძოლას აწარმოებენ მოიერიშე რაზმები“.

რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა წუხელ განაცხადა, რომ ამ დაჯგუფების „ქვედანაყოფებმა კონტროლქვეშ აიღეს დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის მთელი ტერიტორია“. პრიგოჟინის მტკიცებით, სოლედარზე შეტევაში "ვაგნერის" გარდა, არცერთი სხვა ქვედანაყოფი არ მონაწილეობდა.

ცოტა ხნით ადრეც, 9 იანვარს, ევგენი პრიგოჟინმა "ფეიკი" უწოდა გავრცელებულ ცნობებს, რომ სოლედარის აღებაში რუსეთის რეგულარული სამხედრო ფორმირებები მონაწილეობენ და განაცხადა, რომ ქალაქს მხოლოდ "ვაგნერის" ქვედანაყოფები "იღებენ". დასავლური მედია და ანალიტიკოსები დიდი ხანია წერენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო სარდლობასთან პრიგოჟინისა და "ვაგნერის" დაპირისპირებაზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერმა სერგი ჩერევატიმ უარყო, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს რუსები აკონტროლებენ. „ეს არ არის სიმართლე“, - უთხრა ჩერევატიმ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს და ურჩია, რომ დეტალებს გენერალური შტაბისგან დაელოდონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG