Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა


საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები

სომხეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. როგორც საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლიდერებმა ამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

“ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონალური მშვიდობისკენ მიმართული ინიციატივები და სხვა ორმხრივი პროგრამები ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობებთან ერთად”, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს გააღრმავებს.

"ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2019 წლიდან დღემდე უკვე სამი მთავრობათაშორისი სხდომა ჩატარდა, რაც ჩვენ შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ხელს შეუწყობს. ორივე მხარემ შევასრულეთ ჩვენ მიერ დადებული ყველა პირობა. დღევანდელი დღის წესრიგი ძალიან ფართოა და მოიცავს სხვადასხვა სფეროს: ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სხვა სფეროები“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, მარტივდება ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის გადადგილება - ქვეყნებში მოხვედრა მხოლოდ ბიომეტრიული პირადობის მოწმობით, ე.წ. ID ბარათითაც იქნება შესაძლებელი.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ხელმძღვანელობით, სომხეთში სამუშაო ვიზიტით დღეს, 12 იანვარს, ჩავიდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი კაბინეტის წევრები საქართველოში სამუშაო ვიზიტით 2021 წლის 20 დეკემბერს იმყოფებოდნენ. ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კი ბოლოს 2021 წლის სექტემბერში შედგა.

მანამდე, გასული წლის 18 ივნისს, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს ერევანში შეხვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG