Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტერილიზაცია საქმეს ვერ შველის - თბილისი მიუსაფარი ცხოველების პრობლემას ვერ ჭრის    


თბილისში დაახლოებით 40 ათასი მიუსაფარი ძაღლია, მათი მხოლოდ 2.5% სტერილიზებული და კასტრირებული. პრობლემა, რომელიც თბილისს 90 - იანი წლებიდან მოჰყვება, დედაქალაქმა ისევ ვერ გადაწყვიტა.

გიორგი აფთიაქიდან რომ გამოვიდა, ორი ძაღლი მანქანებს უყეფდა. შემდეგ მას დაუწყეს ყეფა, ერთმა კბილიც გაჰკრა.

„ქალი იყო ქუჩაში და იმან მიმაცილა მანქანამდე, მე ეგ ძაღლები არ მიკბენენო, აჭმევს ალბათ. ოთხი ნემსი გავიკეთე ცოფის საწინააღმდეგო. კიდევ ორი მჭირდებოდა, მაგრამ ცოცხალი დავინახე ის ძაღლი და აღარ გამიკეთებია. აცრაში 120 ლარამდე გადავიხადე“, - ამბობს გიორგი.

თბილისის საკრებულოს დეპუტატი საბა ბუაძე ჰყვება, რომ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ხალხი მას ყოველდღე მიმართავს - ისინიც, ვისაც ცხოველები უყვართ და ისინიც, ვისაც მათი ეშინია.

„მთავარი ვალდებულება, რაც მუნიციპალიტეტს აქვს არის პოპულაციის მართვა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე მიუსაფარ ცხოველს ვხედავთ. დაკბენის შემთხვევებია, ბავშვების შეშინების, ხანდახან ქუჩის ძაღლები შინაურ ცხოველებსაც ესხმიან თავს“, - ამბობს საბა ბუაძე.

აქტივისტი თიკა კვალიაშვილი წლებია მიუსაფარ ცხოველებს პატრონობს, აჭმევს, ცდილობს პატრონი ან შემფარებელი გამოუნახოს. გაჩუქებამდე სტერილიზაციას უკეთებს, რაც ხანდახან 400 ლარამდეც ჯდება - შემოწირულობა ხან ჰყოფნის, ხან - არა.

ცხოველთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ მიუსაფარი ცხოველები ძირითადად ორი მიზეზის გამო მრავლდებიან - უმეტესობა არ არის სტერილიზებული ან კასტრირებული, და კიდევ - ძაღლებსა და კატებს პატრონები ქუჩაში ტოვებენ.

„ადამიანური რესურსი აღარ არის საკმარისი ცხოველების მისახედად. ძალიან დავიღალეთ ამდენი უბედური ცხოველის ყურებით. ხან მანქანა ეჯახებათ, ხან დაუსახლებელ ადგილებში კვდებიან შიმშილით. ეს წრეზე ტრიალია და გარდატეხა კარგმა კანონმა უნდა მოახერხოს“, - ამბობს თიკა კვალიაშვილი და ჰყვება რა ჯდება ავადმყოფი ძაღლის მკურნალობა - „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო არ არის სამკურნალო დაწესებულება. მათ ევალებათ ცხოველების სტერილიზაცია და შემდეგ ისევ ქუჩაში დაბრუნება. როდესაც იქ საოპერაციო ან ვირუსით დაავადებული ცხოველი შედის, თუ მოხალისემ არ გაიყვანა, აძინებენ.

ძაღლს სისხლის ანალიზი მაინც რომ გაუკეთო, 100 ლარი უნდა გქონდეს. მაგალითად, ახლა შემატყობინეს ძაღლზე, რომელიც ძალიან მძიმედაა და პატრონს კაპიკი არ აქვს“.

აქტივისტები რამდენიმე წელია ცდილობენ კანონმდებლობის ცვლილებას მიაღწიონ. კანონპროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ განსახილველად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომაც წარადგინა.

„თუ ეს პრობლემა კანონპროექტით არ დარეგულირდა, მარტო სტერილიზაცია და კასტრაცია საქმეს ვერ უშველის, ემატება და ემატება ცხოველები“, - ამბობს ნიკა არაგველი, სააგენტოს ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსი. მისი თქმით, ახლა წელიწადში დაახლოებით 6 ათასი სტერილიზაცია - კასტრაციის ოპერაციას აკეთებენ და ეს უფრო მეტია, ვიდრე წინა წლებში.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ცხოველები თბილისში ბოლოს 2015 წელს აღრიცხა, ისიც მხოლოდ ძაღლები. კატების აღრიცხვა შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ისინი დამალვას იოლად ახერხებენ. 8 წლის წინ თბილისში 42 ათასი მიუსაფარი ძაღლი იყო, ახლა რამდენია არავინ იცის.

ახალი კანონით მეტისების გამრავლება აიკრძალება, ჯიშიანი ცხოველის გასამრავლებლად კი პატრონს ნებართვის აღება მოუწევს. ნებართვა თვითმმართველმა ორგანოებმა უნდა გასცენ, თუმცა, ცხოველების დამცველები ფიქრობენ, რომ ეს კერძო ბიზნესის საქმე უფროა.

„ეს კორუფციის პირდაპირი წყაროა, ადამიანი, რომელიც გაუგებარი ჯიშის, თუნდაც ფიზიკური ნაკლის მქონე ცხოველს ამრავლებს თვითმმართველობას მისცემს ქრთამს და აიღებს ამ ცნობას.

ახალ კანონში არც ის წერია, თუ როგორ მოხდება ცხოველების მასობრივი სტერილიზაცია. ვინ გააკეთებს ამას რეგიონებში, მაგალითად ფოთში, სადაც საერთოდ არ არის ვეტერინარი“, - კითხულობს თინა ჭავჭანიძე, ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

აღსანიშნავია რომ შსს-ს მონაცემებით, სამოხელეო დანაშაულის შემთხვევები საქართველოში სულ უფრო იზრდება. 2022 წლის 11 თვეში სამოხელეო დანაშაულის 533 რეგისტრირებული ფაქტი გამოვლინდა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ახალი კანონის მიღების შემთხვევაში რეგიონებს დაევალებათ შექმნან სტრუქტურები, სადაც მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია და კასტრაცია ჩატარდება. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში იმედი აქვთ, რომ ახალი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტი წელს მოახერხებს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG