Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა, მისი "დემონიზაციის" გამო, შავ სიაში შეიყვანა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შავ სიაში შეიყვანა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი და ბრიტანეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, პატრიკ სანდერსი - ამის შესახებ განცხადება სამინისტროს საიტზეა გამოქვეყნებული.

სიაში სულ 36 პირია, მათ შორის ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული ხელმძღვანელობისა და კიბერუსაფრთხოების ცენტრის წარმომადგენლები. სამინისტროს სრული სია არ გამოუქვეყნებია, თუმცა ამბობს, რომ მზად არის ეს სია ლონდონს გადასცეს, თუკი ასეთ მოთხოვნას მიიღებს.

"მზად ვიქნებით ბრიტანეთის ხელისუფლებას და საზოგადოებას შევატყობინოთ მათ შესახებ, ვინც ხელს უწყობს მტრულ კურსს, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის დემონიზაცია, და მისი საერთაშორისო იზოლაციის მცდელობებს" - ნათქვამია განცხადებაში.

სიის გაფართოების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ცნობა, რომ ლონდონი აპირებს კიევს მიაწოდოს Challenger II-ის ტიპის თანამედროვე საბრძოლო ტანკები.

ბრიტანეთი უკრაინას მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდანვე. ლონდონმა მოსკოვის და რუსი ოლიგარქების შესახებ სანქციები შემოიღო და რეგულარულად გამოდის უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებების მძაფრი კრიტიკით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG