Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიზიარებთ სრულიად საქართველოს მძიმე დანაკარგის ტკივილს - უკრაინის საელჩო ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებაზე


მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე
მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე

უკრაინის საელჩო საქართველოში ქართველი მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის, გარდაცვალებას ეხმაურება და უსამძიმრებს მის მეგობრებსა და ნათესავებს.

"ძნელია ისეთი სიტყვების პოვნა, რომლებიც შეამსუბუქებს საყვარელი ადამიანის დაკარგვის ემოციურ ტკივილს. ლეგენდარული კაცი, უკრაინისა და მთელი უკრაინელი ხალხის დიდი მეგობარი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა.

გარდაიცვალა გულწრფელი, მგრძნობიარე და კეთილგანწყობილი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი კეთილი საქმეები და ნათელი ხსოვნა ამ სამყაროში დარჩება.

ამ ტრაგიკულ დროს, საელჩოს მთელი გუნდი იზიარებს ნათესავების, მეგობრებისა და სრულიად საქართველოს მძიმე დანაკარგის ტკივილს და ღრმა მწუხარებით ქედს იხრის. სამუდამოდ ჩვენს გულებში დარჩება შენი მომხიბვლელი ხმა, შენი ღიმილი და შენი სიმღერები, ჩვენო ძვირფასო, ბატონო ბუბა", - წერია საელჩოს განცხადებაში.

ქართველი კინომსახიობისა და მომღერლის, 84 წლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებაზე ინფორმაცია დღეს, 15 იანვარს, გავრცელდა.

ბუბა კიკაბიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ცნობილ ქართულ საბჭოთა ფილმში, მათ შორისა: "მიმინო“ (1977), "არ დაიდარდო" (1969), "ვერის უბნის მელოდიები" (1973) და სხვა. იგი ასევე ენმ-ის სიის პირველი ნომერი და მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.

XS
SM
MD
LG