Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“პროცესის გაწელვა მეტ პრობლემას მოუტანს საქართველოს მთავრობას” - მაგნიტსკის აქტის ავტორი სააკაშვილის საქმეზე


ბილ ბრაუდერი, “მაგნიტსკის აქტის” ავტორი
ბილ ბრაუდერი, “მაგნიტსკის აქტის” ავტორი

“მაგნიტსკის აქტის” ავტორი, ამერიკაში დაბადებული ბრიტანელი ფინანსისტი და პოლიტიკური აქტივისტი, ბილ ბრაუდერი, რომლის ძალისხმევას მოჰყვა მაგნიტსკის სანქციების დაწესება, ახლა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მუშაობს.

ბილ ბრაუდერი პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის იურისტებისგან ელოდება მტკიცებულებებს, რაც სააკაშვილის უფლებების დარღვევებს დაადასტურებს და მასში მონაწილე ადამიანებს გამოავლენს.

ბრაუდერის განმარტებით, ასეთ მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს დოკუმენტური ან სხვა სახის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სააკაშვილს აწამებდნენ, ცუდად ეპყრობოდნენ, დაუდევრად მკურნალობდნენ; ან მოსამართლემ არ გაითვალისწინა მისი თხოვნა, რომ სჭირდებოდა სამედიცინო ყურადღება, პროკურორებმა მას პატიმრობის გარკვეული პირობები შეუქმნეს და ა.შ.

“თუ სააკაშვილი ციხეში გარდაიცვლება, შედეგები დამღუპველი იქნება პასუხისმგებელი პირებისთვის”, - ამბობს ბრაუდერი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

რადიო თავისუფლება: თქვენ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაჰპირდით, რომ “ყველაფერს გააკეთებთ, რათა მის საქმეს ყურადღება მიაქციონ მაგნიტსკის სანქციების დასავლური ქვეყნების მთავრობებმა” - ეს თქვენი სიტყვებია ტვიტიდან. პარალელურად, ადვოკატებმა დოკუმენტები უნდა მოამზადონ. რა უნდა იყოს მტკიცებულების მოპოვების სტანდარტი ყველა იმ პირის მიმართ, ვინც “სააკაშვილის სიაში” მოხვდება?

ბილ ბრაუდერი: ნება მომეცით სრული ისტორია მოვყვე. მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე წლის წინ შევხვდი, შევხვდი მის მეუღლეს. მას ვხვდებოდი სხვადასხვა კონფერენციაზე და, რა თქმა უნდა, მის კარიერას დიდი ხანია თვალს ვადევნებ. წარსულში იგი ყოველთვის იყო ძლიერი, ჯანმრთელი ადამიანი, ორი კვირის წინ კი, გავრცელდა ფოტოები, თუ როგორ გამოიყურება ის დაპატიმრების და წამების შემდეგ. ეს იყო ყველაზე შემაშფოთებელი, შემზარავი ფოტოები, რაც კი ნელი წამებით მოკლული სერგეი მაგნიტსკის შემდეგ ვნახე.

მე ძალიან ნათლად განვაცხადე საჯაროდ, თუ როგორი შოკირებული ვიყავი, როგორც ბევრი სხვა ადამიანი. ეს მესიჯი ტვიტერზე გავავრცელე, შემდეგ კი მივიღე პასუხი ბატონი [მიხეილ] სააკაშვილისგან, ცხადია, მისი გუნდის წევრის მეშვეობით, იგი, ძირითადად, დახმარებას მთხოვდა, მევედრებოდა დახმარებას. მე უზომო თანაგრძნობა ვიგრძენი მის მიმართ, არ მინდა, რაიმე იმაზე უარესი მოხდეს, ვიდრე უკვე მოხდა. ვფიქრობ, რომ ის უნდა გაუშვან ციხიდან.

მე მათ დახმარება შევთავაზე ამ წამებისა და სამედიცინო ძალადობის ჩამდენი პირების გასაჯაროებაში. ჩვენ მათ [მიხეილ სააკაშვილის იურისტებს] გადავეცით მოთხოვნა, რა საბაზისო დოკუმენტები გვჭირდება, უფრო ზუსტად, ისეთი დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებენ სამედიცინო დაუდევრობას, წამებას და მოწამვლას.

ამის გაკეთება ერთ ღამეში არ არის შესაძლებელი, ბევრი მტკიცებულების შეგროვება გვჭირდება. როგორც კი ამას გავაკეთებთ, ჩვენ მას თავს მოვუყრით სანქციების მოთხოვნის პაკეტში. მე ეს ადრეც გამიკეთებია მაგნიტსკის საქმეზე და სხვა საქმეებზე. ჩვენ მათ შევაგროვებთ და მის გუნდთან ერთად წარვადგენთ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირსა და კანადაში, მოვითხოვთ სანქციებს იმ პირებზე, ვინც აწამებდა მას, არ მკურნალობდა და ვინც პასუხისმგებელია მის მოწამვლაზე.

რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად აგვიხსნათ, რა უნდა იყოს მთავარი პრინციპი “სააკაშვილის სიის” შედგენისას?

ბილ ბრაუდერი: ეს ძალიან მარტივია. დოკუმენტური ან სხვა სახის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ მას აწამებდნენ, ცუდად ექცეოდნენ, დაუდევრად მკურნალობდნენ; შეიძლება იყოს, რომ მოსამართლემ არ გაითვალისწინა მისი თხოვნა, რომ სჭირდებოდა სამედიცინო ყურადღება, რომ პროკურორებმა მას პატიმრობის გარკვეული პირობები შეუქმნეს, ან მტკიცებულება შეიძლება იყოს პოლიციის ოფიცრების ქმედებები, რომლებიც გარკვეულწილად ჩართულები იყვნენ მის საქმეში… ეს შეიძლება შეეხოს მათაც, ვინც ყველა ამ ადამიანზე ზემოთ დგას, ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუკი იქნება იმის მტკიცებულება, რომ ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა. მე არ მინდა, წინასწარ განვსაჯო მტკიცებულებები, რადგან ისინი ჯერ არ მიმიღია. რისი შეფასებაც შემიძლია, ესაა მიხეილ სააკაშვილის ფოტოები, რაზეც აშკარად ჩანს, რომ მას ცუდად ექცეოდნენ. ამაზე კითხვები აღარ არის. ერთადერთი კითხვაა, ვინ არის პირდაპირ პასუხისმგებელი და რა მტკიცებულება გვაქვს ამის დასადასტურებლად, რათა სხვადასხვა დასავლურ მთავრობაში წარდგენილი სანქციების მოთხოვნა იყოს სარწმუნო.

რადიო თავისუფლება: ფიქრობთ, რომ ქართველი პოლიტიკოსებიც უნდა მოხვდნენ სიაში? ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს საქართველოში.

ბილ ბრაუდერი: ყველა შეიძლება, მოხვდეს სიაში, მაგრამ იმისათვის, რომ ისინი ნამდვილად დასანქცირდნენ, გვჭირდება მტკიცებულება. თუკი არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ იყო მიხეილ სააკაშვილის წამების პოლიტიკური დაკვეთა, მაშინ ეს პოლიტიკოსები უნდა მოხვდნენ მაგნიტსკის სიაში.

რადიო თავისუფლება: მას შემდეგ, რაც დოკუმენტები თავისი მტკიცებულებებით თქვენ გადმოგეცემათ, რა გეგმა გაქვთ?

ბილ ბრაუდერი: ჩემი გეგმაა, წარვადგინო შეგროვებული მტკიცებულებები სააკაშვილის გუნდსა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარებთან ერთად, ვინც თანაგრძნობას გამოხატავს ამ საქმის მიმართ, ვინაიდან ბევრი საუბრობს უკვე მას შემდეგ, რაც მთელი ეს სკანდალი გავრცელდა. ჩვენ ამ ყველაფერს წარვუდგენთ მთავრობებს. მთავრობები, როგორც წესი, მოქმედებენ მხოლოდ საჯარო ინტერესებით და, ასევე, თუკი არსებობს პოლიტიკური ინტერესი. ეს არ არის მხოლოდ მტკიცებულებებზე დამყარებული სამართლებრივი პროცესი, ეს არის, ასევე, საჯარო ადვოკატირების პროცესი, ამიტომ, ჩვენ ჩავრთავთ სხვადასხვა პოლიტიკოსს, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრებსა და კონგრესის წევრებს, რომლებსაც უმუშავიათ სააკაშვილთან, რომლებიც თანაუგრძნობენ მას ამ პროცესში, რომლებიც შეძრწუნებულნი არიან მის მიმართ არასათანადო მოპყრობით.

რადიო თავისუფლება: რას ფიქრობთ, რა დრო შეიძლება დასჭირდეს ამ პროცესს? რამდენიმე თვე თუ ნაკლები?

ბილ ბრაუდერი: ეს საგანგებო სიტუაციაა. მისი მდგომარეობა სწრაფად უარესდება. სიკვდილის პირას მყოფ ადამიანს ჰგავს, ამიტომ ეს არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება გადაიდოს. ძალიან სწრაფად უნდა გაკეთდეს. ვფიქრობ, სხვა საქმეები, რაც მის მიმართ არასათანადო მოპყრობას უკავშირდება, იმავე დროში უნდა დასრულეს. ეს [სიის შედგენა] უბრალოდ ერთი ინსტრუმენტია მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლაში.

რადიო თავისუფლება: უფრო კონკრეტულად, “საგანგებო სიტუაცია” ნიშნავს რამდენიმე თვეზე ნაკლებს?

ბილ ბრაუდერი: მე ვიმედოვნებდი, რომ მას რამდენიმე დღეში გამოუშვებენ. რაც უფრო გაიწელება პროცესი, ეს მეტ პრობლემას მოუტანს საქართველოს მთავრობას. ისინი არ უნდა აწამებდნენ ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკურად მოტივირებულ სიტუაციაში. მას ნამდვილად აქვს წამების ნიშნები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ნიშნები. ეს არის საქართველოს სირცხვილი, საქართველოს მთავრობის სირცხვილი და ქართული მართლმსაჯულების სისტემის სირცხვილი.

რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ, აგვიხსნათ, ზოგადად, რა მნიშვნელობა ექნება ამ სიის შედგენას მიხეილ სააკაშვილის საქმისთვის?

ბილ ბრაუდერი: ეს დამოკიდებულია იმაზე, გამოუშვებენ თუ არა მას ციხიდან. თუკი ასე არ იქნება, სიტუაციის გაუარესება გაგრძელდება და მოკვდება საპყრობილეში, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი, აღმაშფოთებელი პოლიტიკურად მოტივირებული საჯარო სიკვდილით დასჯა, რაც ჩვენ ოდესმე გვინახავს. შედეგები დამღუპველი იქნება პასუხისმგებელი პირებისთვის.

რადიო თავისუფლება: მას შემდეგ, რაც სიაზე მუშაობა დაიწყო, გაქვთ თუ არა მის ადვოკატებთან კომუნიკაცია? თქვენ მათ კონსულტაციას უწევთ, თუ რა ტიპის დოკუმენტები უნდა მოგაწოდონ?

ბილ ბრაუდერი: რეგულარული კომუნიკაცია მაქვს ადვოკატების გუნდთან. მე მათ დოკუმენტები ვთხოვე და ჯერ კიდევ ველოდები. ჩვენ მათ რჩევები მივეცით, როგორი უნდა იყოს წარმატებული აპლიკაცია მაგნიტსკის სანქციებისთვის, მოვთხოვეთ ის დოკუმენტები, რაც შექმნის ასეთ წარმატებულ აპლიკაციას.

მაგნიტსკის სია შექმნილია 2012 წლის დეკემბერში, აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული “მაგნიტსკის აქტის” საფუძველზე, რომლის მიზანი თავდაპირველად რუსეთის იმ ოფიციალური პირების დასჯა იყო, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ კორუფციასთან მებრძოლი მოსკოველი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის, სამართლებრივ დევნასა და ციხეში სიკვდილთან.
სერგეი მაგნიტსკი 2008 წელს დააპატიმრეს - მას შემდეგ, რაც რუსეთის სამინისტროებში მომუშავე ოფიციალურ პირებს ბრალი დასდო კომპლექსური სქემის შემუშავებაში, რომელმაც მათ სახელმწიფო რეზერვებიდან 230 მილიონი დოლარის მოპარვის საშუალება მისცა. გარდაცვალებამდე მას ციხეში სცემდნენ და სამედიცინო დახმარებაზე უარს ეუბნებოდნენ. 37 წლის მაგნიტსკის ციხეში სიკვდილის საქმე რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევისა და კანონის უზენაესობის უგულებელყოფის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.
აშშ-ის მიერ შემოღებული კანონი ითვალისწინებს სიაში შეყვანილ პირებზე ვიზის გაცემის აკრძალვას და მათი ანგარიშების გაყინვას. ამასთან, კანონი მხოლოდ მაგნიტსკის საქმით არ შემოიფარგლება და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სხვა შემთხვევებთან დაკავშირებული პირების დასჯასაც ითვალისწინებს.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG