Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ მიშელი: დენის მონასტირსკი იყო ევროკავშირის დიდი მეგობარი


უკრაინის შს მინისტრი დენის მონასტირსკი 18 იანვარს დაიღუპა კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად
უკრაინის შს მინისტრი დენის მონასტირსკი 18 იანვარს დაიღუპა კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უერთდება უკრაინის მწუხარებას ვერტმფრენის კატასტროფის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 18 ადამიანი, მათ შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი.

შარლ მიშელი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ დენის მონასტირსკი იყო ევროკავშირის დიდი მეგობარი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და უკრაინელ ხალხს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა, 18 იანვარს, დილით ჩამოვარდა კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან.

ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 18 ადამიანი. მათ შორის - უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. ხმელეთზე დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. დაშავდა 29 ადამიანი, მათგან 15 ბავშვი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვერტმფრენით მიემგზავრებოდა ერთ-ერთ "ცხელ წერტილში", სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრი კოსტინის ცნობით, ტრაგედიის ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები და ექსპერტები. კოსტინის თანახმად, განიხილება ვერტმფრენის ავარიის ყველა ვერსია. გამოძიებაში ჩართულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიც.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, გამომძიებლები დაადგენენ, რამ გამოიწვია ტრაგედია - საბოტაჟმა, ვერტმფრენის ტექნიკურმა გაუმართაობამ თუ უსაფრთხოების წესების დარღვევამ.

XS
SM
MD
LG