Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არ დავნებდებით" - ახალი დახმარება უკრაინისთვის, გერმანული ტანკების გარეშე


20 იანვარს გერმანიაში, "რამშტაინის ფორმატში" შეკრებილ მხარდამჭერებს დისტანციურად მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
20 იანვარს გერმანიაში, "რამშტაინის ფორმატში" შეკრებილ მხარდამჭერებს დისტანციურად მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

"ეს არის ძალიან, ძალიან ეფექტიანი დახმარების პაკეტი და შესაბამისად გამოყენებით, ის უკრაინას წარმატებას მოუტანს", - აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის შეფასებით, ასეთია ახალი პაკეტი, რომელიც უკრაინის მხარდამჭერმა ქვეყნებმა გერმანიაში, "რამშტაინის ფორმატში", 20 იანვარს შეათანხმეს.

ჩამონათვალში არ არის Leopard 2, რადგან გერმანიამ კვლავ თავი შეიკავა საკუთარი წარმოების ტანკების უკრაინისთვის გადაცემისგან. ამის ნებართვას ბერლინი ჯერჯერობით არც სხვა ქვეყნებს აძლევს.

სააგენტო AP იტყობინება, რომ, თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის - "რამშტაინის ფორმატის" მორიგ შეხვედრაზე, გერმანული წარმოების ტანკების უკრაინისთვის გადაცემის საკითხში თანამოაზრეების მოძიებას აქტიურად ცდილობდა პოლონეთი, რომელიც მზად არის მის ხელთ არსებული 14 ერთეული Leopard 2 გადასცეს კიევს, თუ მოკავშირეების თანხმობა ექნება. AP პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება.

ბოლო პერიოდში, უკრაინა გადაუდებლად ითხოვს დასავლური წარმოების შორ მანძილზე მოქმედ სარაკეტო კომპლექსებსა და ტანკებს, რომელთა გადაცემის თანხმობა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ბრიტანეთს აქვს გაცემული. რამშტაინში შეკრებილ 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებს, სწორედ მძიმე შეიარაღება სთხოვა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც, რომელმაც 20 იანვარს, "რამშტაინის ფორმატის" მონაწილეებს დისტანციურად და პირველად მიმართა.
შეხვედრის წინ გამოცხადდა აშშ-ის ახალი 2.5-მილიარდიანი დახმარება. ჩამონათვალი შთამბეჭდავია ექსპერტებისთვის, თუმცა ის ATACMS-ებისა და Abrams-ების მიწოდებას არ ითვალისწინებს.

„ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო იმის უზრუნველყოფისკენ, რომ უკრაინას ჰქონდეს საჭირო [საბრძოლო] შესაძლებლობები წარმატებებისთვის მოცემულ მომენტში“, - თქვა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა და დასძინა ასევე, რომ „ჩვენ გვაქვს შესაძლებლობების ფანჯარა დღევანდელ დღესა და გაზაფხულს შორის, როცა უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას, და ეს არც ისე დიდი დროა“. ამასთან, ოსტინის თქმით, უკრაინის დახმარება "რამშტაინის ფორმატის" მიღმაც არის შესაძლებელი.

შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს ასევე შეხვდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი. მან თქვა, რომ რთულ ამოცანად ეჩვენება უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის სრულად გათავისუფლება 2023 წელს; მაგრამ ასევე დასძინა, რომ რთული არ ნიშნავს გამორიცხულს.

გენერალ მილის შეფასებით, მოკავშირეების დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას მნიშვნელოვნად გააძლიერებს და ბევრ ახალ შესაძლებლობას მისცემს.

ვიდრე უკრაინის მხარდამჭერი კოალიცია რამშტაინის ფორმატში შეიკრიბებოდა, 9 ევროპული ქვეყნის წარმომადგენლებმა (ძირითადად - თავდაცვის მინისტრებმა) ტალინში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას.

„ჩვენ ერთად ვაგრძელებთ უკრაინის დახმარებას თავდაცვის ეტაპიდან რუსეთის ჯარის უკრაინის ტერიტორიიდან განდევნის ეტაპზე გადასვლაში“, - წერია დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, დანიის, ნიდერლანდის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის თავდაცვის უწყებების წარმომადგენელთა განცხადებაში.

ისინი იღებენ ვალდებულებას, ერთობლივად გააგრძელონ „უპრეცედენტო დახმარება“, რათა ახალი დონის კომპლექსური ბრძოლისთვის უკრაინას მოწინავე საბრძოლო ტანკები, მძიმე არტილერია, საჰაერო თავდაცვის ტექნიკა, საბრძოლო მასალები და ქვეითი საბრძოლო მანქანები გადაეცეს.

დეკლარაციის ტექსტის თანახმად:

  • დიდი ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს Challenger 2-ის ტიპის ტანკების ესკადრილიას (წინასწარი ინფორმაციით - 14 ერთეული), AS90-ის ტიპის 155 მმ-იან საარტილერიო თვითმავალ სისტემებს, ასობით დაჯავშნილ და დაცულ სატრანსპორტო საშუალებას, 100 ათას საარტილერიო ჭურვს, დამატებით ათობით საჰაერო სისტემას უკრაინის არტილერიის მხარდასაჭერად, ასობით უფრო დახვეწილ რაკეტას - GMLRS-ის ჩათვლით, Brimstone-ის კლასის 600 რაკეტას და სხვა;
  • პოლონეთი გამოხატავს მზადყოფნას, რომ უკრაინას გადასცეს Leopard 2-ის ტიპის გერმანული ტანკები (წინასწარი ინფორმაციით - 10 ერთეული), 1000 ჭურვთან ერთად. ჩამონათვალშია ასევე: S-60 ტიპის საზენიტო კომპლექსები,70 ათასი ჭურვით; Krab-ის ტიპის 155-მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და სხვა;
  • ესტონეთის დაპირებაა: FH-70-ის ტიპის 155-მმ-იანი ათეულობით ჰაუბიცა და D-30-ის ტიპის 122-მმ-იანი საარტილერიო ქვემეხი, დიდი რაოდენობით 155-მმ-იანი საარტილერიო ჭურვი, Carl-Gustaf M2-ის ტიპის ასეულობით ყუმბარმტყორცნი და სხვა;
  • ლატვია უკრაინას გადასცემს: ათეულობით Stinger-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო გადასატან კომპლექსებსა და ანტისაჰაერო სისტემის დამატებით ელემენტებს; M-17 ტიპის ორ ვერტმფრენს, ათობით ტყვიამფრქვევს შესაბამისი საბრძოლო მასალით; რამდენიმე ათეულ უპილოტო საფრენ აპარატს; სათადარიგო ნაწილებს M109-ის ტიპის ჰაუბიცებისთვის და სხვა;
  • ლიეტუვა აპირებს უკრაინას დამატებით გადასცეს: L-70-ის ტიპის რამდენიმე ათეული საზენიტო დანადგარი, ათობით ათასი ჭურვით; Mi-8 ტიპის 2 ვერტმფრენი; 40 მილიონი ევროს ღირებულების აღჭურვილობა სამხედროებისთვის, რაც მოიცავს დრონებთან საბრძოლველ საშუალებებს, ოპტიკურ სისტემებს და სხვა;
  • სლოვაკეთი მზად არის უკრაინას გადასცეს დამატებითი მძიმე ტექნიკა, მათ შორის - ტანკები და აწარმოებს მოლაპარაკებებს მოკავშირეებთან შესაძლებლობების გამოსანახად და ასევე ჰაუბიცების, საბრძოლო მასალებისა და გამნაღმველთათვის საჭირო აღჭურვილობის წარმოების გასაზრდელად და სხვა;
  • დანია იღებს ვალდებულებას უკრაინას გადასცეს თავის შეიარაღებაში არსებული 19 ფრანგული თვითმავალი ჰაუბიცა „სეზარი“, რომელიც ამ ტიპის იარაღებში საუკეთესოდ ითვლება მსოფლიოში.
  • ჩეხეთი უკრაინის დასახმარებლად ზრდის სამხედრო წარმოების მასშტაბებს, კერძოდ - მსხვილი კალიბრის საბრძოლო მასალების, ჰაუბიცებისა და ჯავშანტრანსპორტიორებისთვის. ასევე ვალდებულებას იღებს უკვე მიწოდებული ტექნიკისა და აღჭურვილობის მასშტაბურ მომსახურებაზე, ბრძოლისუნარიანობის შესანარჩუნებლად.

ნიდერლანდის შემთხვევაში არსებობს წინასწარი თანხმობა, უკრაინისთვის დამატებით „პეტრიოტის“ ბატარეის გადაცემის შესახებ. მანამდე, უკრაინისთვის „პეტრიოტების“ გადაცემის შესახებ განაცხადეს აშშ-მა და გერმანიამ.

„ტალინის დეკლარაციის“ ხელმომწერი ქვეყნები აგრძელებენ უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას, მათ შორის - უკრაინელი ლტოლვილებისთვის, სამხედროების წვრთნასა და აღჭურვას უნიფორმებითა თუ თავდაცვის საშუალებებით.

„ახლა გადამწყვეტი ეტაპია. რუსეთი გადაჯგუფებას, რეკრუტირებას ახდენს და ცდილობს ხელახალ შეიარაღებას. ახლა არ არის დამუხრუჭების დრო, ახლა დროა, რომ უფრო ღრმად გავთხაროთ. უკრაინელი ხალხი გვიყურებს, კრემლი გვიყურებს, ისტორია გვიყურებს. არ დავნებდებით. ჩვენ ურყევი გადაწყვეტილებით დავეხმარებით უკრაინას, დაიცვას თავი რუსეთის იმპერიული აგრესიისგან“, - თქვა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა თავის მისასალმებელ სიტყვაში. ასევე აღნიშნა, რომ დახმარება იქნება ბოლომდე, ვიდრე ამის საჭიროება იარსებებს. რამშტაინში ჩასული იყვნენ უკრაინის თავდაცვის მინისტრი რეზნიკოვი დ მისი მოადგილე.

მართალია, გერმანია ჯერ ისევ იკავებს თავს უკრაინისთვის ტანკების მიწოდებისგან, მაგრამ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, მკაფიოდ თქვა, რომ აუცილებლად გაგრძელდება უკრაინის დახმარება და ასევე მას ეკუთვნის ფრაზა - „რუსეთის აგრესიულმა ომმა მარცხი უნდა განიცადოს“, რაც ექსპერტების აღქმით, რუსეთის დამარცხებას ნიშნავს. დავოსში მსგავსი შინაარსის განცხადებები სხვა ლიდერებისგანაც გაისმა, რასაც სწრაფად გამოეხმაურნენ მოსკოვიდან.

რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, არაადეკვატური, უცნაური გამონათქვამებით გამორჩეულმა დმიტრი მედვედევმა ისევ ბირთვული ომით შეშინების ხერხს მიმართა.

„ჩამორჩენილი პოლიტიკოსები დავოსში იმეორებდნენ, რომ "მშვიდობის მისაღწევად, რუსეთი უნდა დამარცხდეს". მათგან არავის ესმის, რომ ჩვეულებრივ ომში ბირთვული სახელმწიფოს დამარცხებამ შესაძლოა ბირთვული ომი მოიტანოს. ბირთვული სახელმწიფოები არასოდეს დამარცხებულან მათთვის საბედისწერო მსხვილ კონფლიქტებში“, - დაწერა 19 იანვარს მედვედევმა.

ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს ბირთვული ომის შიში თანდათან უქრებათ და ამის მკაფიო მაგალითად, დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილებას ასახელებენ. მათ ასევე ეიმედებათ ნატოს გენმდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადება, რომ უკრაინა მალე მეტ მძიმე შეიარაღებას მიიღებს.

ექსპერტებს აქვთ მოლოდინი, რომ ტანკებისა და შორი მოქმედების მძიმე შეიარაღების მიწოდება, მოკავშირეების მხრიდან, მალე ერთიანი ძალისხმევით მოხდება და იქამდე დიდი დრო აღარ რჩება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG