Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის ცნობით, თანამდებობა დატოვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანმა


კირილო ტიმოშენკო
კირილო ტიმოშენკო

თანამდებობა დატოვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს და მინისტრთა კაბინეტის ინფორმირებულ წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

წყაროთა თანახმად, ტიმოშენკოს ნაცვლად პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილედ დანიშნავენ კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსი კულებას. გამოცემის ინფორმაციით, თანამდებობებს დატოვებენ სუმის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებიც.

კირილო ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილედ 2019 წლის მაისში დაინიშნა. მას ადგილობრივი მედია ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან უკრაინელად მოიხსენიებს. რუსეთის შეჭრის შემდეგ ტიმოშენკო კოორდინაციას უწევდა რეგიონული პოლიტიკის საკითხებს.

2022 წლის შემოდგომაზე უკრაინული მედია წერდა, რომ ტიმოშენკო პირადი მიზნებით იყენებდა ავტომანქანას Chevrolet Tahoe, რომელიც კომპანია General Motors-მა უკრაინას გადასცა საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან მოქალაქეთა გასაყვანად. თავად ტიმოშენკო ამას უარყოფდა. მას აკრიტიკებდნენ რეგიონებში არაეფექტიანი პოლიტიკის გამოც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG