Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალმა ზალუჟნიმ ანდერძით მიღებული მილიონი დოლარი უკრაინის არმიას გადაურიცხა


უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი. კიევი, 2022 წელი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი. კიევი, 2022 წელი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ 2023 წლის იანვარში მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის, უკრაინელი გრიგორი (გრეგორი) სტეპანეცის ანდერძით დატოვებული მილიონი დოლარი. ამის შესახებ სტეპანეცის ოჯახზე დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა New York Times-ი წერს სტატიაში, რომელიც ეხება არმიის მხარდასაჭერად უკრაინელების მიერ გადარიცხულ თანხებს.

გენერალმა ზალუჟნიმ ანდერძით მიღებული მილიონი დოლარი შეიარაღებულ ძალებს გადაურიცხა. იყო თუ არა ეს ანდერძის პირობა, სტატიაში დაკონკრეტებული არ არის.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ შეიარაღებული ძალების პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ვალერი ზალუჟნიმ თანხა სრულად გადარიცხა არმიის საჭიროებებისთვის ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშზე და შესაბამისი დადასტურება ბანკიდან მიღებულია 2023 წლის 5 იანვარს. თავად გენერალ ზალუჟნის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოდნავი ეჭვიც კი არ ჰქონია, რა უნდა გაეკეთებინა მემკვიდრეობის მიღების შემდეგ, რადგან როგორც ჩანს, გრიგორი სტეპანეცსაც სურდა, მისი სახით მხარი დაეჭირა უკრაინის ჯარისთვის.

"უკრაინსკა პრავდას" ცნობით, გრიგორი (გრეგორი) სტეპანეცი 1938 წელს დაიბადა უკრაინის ქალაქ ვინიცაში, უმაღლესი განათლება კი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. პროფესიით მათემატიკოსმა სტეპანეცმა საბჭოთა კავშირი 1989 წელს დატოვა და გაემგზავრა აშშ-ში, სადაც კომპანია Microsoft-ში მუშაობდა.

გამოცემა New York Times-ი უკრაინის ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2022 წელს, უკრაინის მოქალაქეებმა და კომპანიებმა არმიის ანგარიშზე გადარიცხეს დაახლოებით 500 მილიონი დოლარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG