ავღანეთში ყინვისგან დაიხოცა 160-ზე მეტი ადამიანი და მინიმუმ 70 ათასი შინაური ცხოველი. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ტემპერატურა ზოგან მინუს 34°C გრადუსამდე დაეცა. წლევანდელ ზამთარს ყველაზე ცივად მიიჩნევენ უკანასკნელი წლების განმავლობაში.
თალიბების მთავრობის ცნობით, რომლებმაც 2021 წლის აგვისტოში ჩაიგდეს ხელში ხელისუფლება, 10-დან 26 იანვრამდე პერიოდში ქვეყანაში სიცივის გამო გარდაიცვალა 162 ადამიანი. მანამდე რამდენიმე დღით ადრე თალიბები იტყობინებოდნენ, რომ ყინვებს 70 ათასამდე სული საქონელი ემსხვერპლა.
თალიბების მთავრობაში დააზუსტეს, რომ დაღუპულთა უმრავლესობა იყვნენ მწყემსები და სოფლის მოსახლეობა, „რომელთაც წვდომა არ ჰქონდათ სამედიცინო დახმარებაზე“. ამჟამად ავღანეთის მრავალი რაიონი თოვლის გამო სრულიად მოწყვეტილია გარე სამყაროს. ხელისუფლების თქმით, იყო შემთხვევები, როცა მანქანები თოვლში ეფლობოდა და გზად ჩარჩენილი ხალხი იყინებოდა.
მთავრობამ განაცხადა, რომ სამხედრო ვერტმფრენები გაგზავნეს მოქალაქეთა გადასარჩენად, მაგრამ მთიან რეგიონებში ვერტმფრენებმა დასხდომა ვერ მოახერხეს.
დედაქალაქ ქაბულის მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ ჯერაც არ მიუღიათ რაიმე სახის დახმარება, მათ არ ჰყოფნით ფული პურისა და შეშისთვის. ზოგი პლასტმასას წვავს, რათა გათბეს.
ამის პარალელურად მრავალმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ შეწყვიტა ავღანეთში მოღვაწეობა თალიბანის განკარგულების გამო. განკარგულება ქალებს უკრძალავს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობას.
როგორც საგანგებო დახმარების საკითხებში გაეროს კოორდინატორმა, მარტინ გრიფიტსმა თქვა ავღანეთში ვიზიტისას, ორგანიზაცია ცდილობს, ამ აკრძალვიდან მისთვის გამონაკლისი დაუშვან. გრიფიტსის შეფასებით, ჰუმანიტარული კრიზისის გამო ქვეყანაში 28 მილიონამდე ავღანელს ესაჭიროება დახმარება, მათგან ექვსი მილიონი „შიმშილის ზღვარზეა“.