Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული პეტრ პაველი კიევში მიიწვია


ჩეხეთის არჩეული პრეზიდენტი პეტრ პაველი
ჩეხეთის არჩეული პრეზიდენტი პეტრ პაველი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 29 იანვარს მიესალმა გადამდგარი გენერლის, პეტრ პაველის ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას და ინაუგურაციის შემდეგ იგი უკრაინაში მიიწვია.

"პირადად მივულოცე პეტრ პაველს ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. მას და ჩეხ ხალხს უღრმესი მადლობა გადავუხადე გაუნელებელი მხარდაჭერისთვის და უკრაინაში მოვიწვიე ვიზიტად“, - განაცხადა თავის ტვიტერში ზელენსკიმ.

ჩეხეთში 27-28 იანვარს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 58,24%-ით გაიმარჯვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გადამდგარმა გენერალმა პეტრ პაველმა. მის მეტოქეს, ჩეხეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციური პარტია "ანოს" ლიდერ ანდრეი ბაბიშს ხმა მისცა 41,75%-მა.

მრავალი ქვეყნის ლიდერმა მიულოცა პეტრ პაველს არჩევნებში გამარჯვება. სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა კი 28 იანვარს, არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე, ჩავიდა მეზობელ ჩეხეთში და პეტრ პაველს პირადად მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.

გენერალი პეტრ პაველი 61 წლისაა.

სხვადასხვა დროს მას ეკავა ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტები.


არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებისა და ინაუგურაციის შემდეგ პეტრ პაველი გახდება ჩეხეთის მეოთხე პრეზიდენტი და ამ პოსტზე შეცვლის მილოშ ზემანს, რომელიც ორი ვადით იმყოფება ჩეხეთის სახელმწიფო მეთაურის პოსტზე.

XS
SM
MD
LG